რუსეთის ჯარებმა ავიაბომბებით დაარტყეს ხარკოვის ნემიშლიანსკის რაიონის კერძო სექტორს. ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იჰორ ტერეხოვის მონაცემებით, დაიღუპა 35 წლის ქალი - ის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, თუმცა მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.
ასევე დაშავდა 10 ადამიანი. საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეჰუბოვმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი დაჭრილი შვიდი წლის ბიჭია.
დაზიანებულია 30-ზე მეტი შენობა და 11 ავტომობილი.
საღამოსკენ რუსეთმა ხარკოვს კიდევ ერთხელ დაარტყა. დარტყმა განხორციელდა გარეუბანში მდებარე სურსათის მაღაზიაზე. დაიღუპა სამი ადამიანი: 16 წლის ბიჭი, 19 წლის გოგონა და 51 წლის ქალი. დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. დარტყმის ადგილზე ხანძარი გაჩნდა, იწვის ხუთი ავტომობილი, განაცხადა სინეჰუბოვმა.
ასევე რუსეთმა იერიში მიიტანა ხარკოვში თბოელექტროცენტრალ-5-ზე (ტეც-5). ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა „ენერგეტიკული ზავის“ შესახებ, რომელზეც, მისი თქმით, შეთანხმდნენ რუსეთი და უკრაინა.
ივანო-ფრანკივსკში რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმების შედეგად სამი სამხედრო დაიღუპა, კიდევ სამი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ქალაქის მერმა რუსლან მარცინკოვმა განაცხადა. ასევე დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები და კომერციული სათავსოები.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ჯარებმა მთლიანობაში 200-ზე მეტჯერ დაარტყეს ელექტროენერგიის გენერაციისა და გადაცემის ობიექტებს, ხოლო 17-ჯერ - გაზისა და ნავთობის ობიექტებს.
radiotavisupleba ახალი ამბები