WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ოთხი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა შაბათს საღამოსა და 24-25 ოქტომბრის ღამეს დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის თავდასხმების შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, იერიში მიიტანეს ოლქის სამ რაიონზე, რომლებსაც 20-ზე მეტჯერ დაესხნენ თავს.

სინელნიკოვოს რაიონში სამი ადამიანი დაიღუპა, 14 დაიჭრა, მათ შორის 11 წლის გოგონა, განაცხადეს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და ავტომობილები. მოგვიანებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საავადმყოფოში გარდაიცვალა კიდევ ერთი დაჭრილი. თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა.

ასევე ნიკოპოლის რაიონში ერთი ადამიანი დაშავდა კერძო საცხოვრებელ სახლზე თავდასხმის შედეგად. დნეპრში დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

ვინიცაში ხუთსართულიან შენობაზე უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, დაჭრილებიდან ერთი საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში იუწყებიან. დაინგრა ოთხი ბინა მეორე და მესამე სართულებზე, დაზიანდა იქვე გაჩერებული ავტომობილები. თავდასხმის შედეგად დაზიანებული ხანდაზმულთა კერძო პანსიონატიდან 15 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.

ვინიცის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნატალია ზაბოლოტნაიამ 24 ოქტომბერს, გვიან საღამოს, ასევე განაცხადა, რომ ვინიცის ერთ-ერთი რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ენერგეტიკულ ობიექტზე დარტყმის შედეგად. დაშავებულები არ არიან. სხვა დეტალები არ ვრცელდება.

ხარკოვში 25 ოქტომბრის დილას რუსეთის დარტყმები განხორციელდა სამ რაიონზე: ინდუსტრიულზე, ნოვობავარსკისა და ოსნოვიანსკიზე, განაცხადა მერმა იჰორ ტერეხოვმა. ნოვობავარსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. იერიში მიიტანეს სავაჭრო ცენტრზეც, სადაც ხანძარი გაჩნდა. თანამშრომლები ევაკუირებული არიან, არავინ დაშავებულა. უკრაინული სამონიტორინგო ტელეგრამის არხები აქვეყნებენ ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრის“ დაზიანების ფოტო- და ვიდეომასალას.

კვირას, დღისით, ცნობილი გახდა კიდევ ერთ სავაჭრო ცენტრ „ეპიცენტრზე“ თავდასხმის შესახებ პოლტავაში, განაცხადეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში.

ზაპოროჟიეში გაჩერების გვერდით რუსეთის დრონის დარტყმის შედეგად 53, 62 და 68 წლის სამი მამაკაცი დაშავდა, განაცხადა ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხაილო სემიკინმა.

უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ ცეცხლი გაუხსნეს დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტებს. „დაბა იაროვაიაში FPV-დრონის მოხვედრის შედეგად დაიღუპა მშვიდობიანი მოქალაქე. კრამატორსკს მტერი ავიაბომბებითა და უპილოტო აპარატებით ურტყამდა - დაიჭრა ოთხი მშვიდობიანი მცხოვრები. სლავიანსკში რუსეთის არმიამ ორი ბომბითა და დრონებით მიიტანა იერიში, ტრავმირებულია 2 ადამიანი“, - ნათქვამია უწყების შეტყობინებაში.