რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა („როსსელხოზნადზორი“) განაცხადა, რომ მისი დელეგაცია 2-6 ნოემბერს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს „მოწვევით“ საქართველოში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი ლაბორატორიების ინსპექტირება და რუსეთში ხილის ექსპორტთან დაკავშირებული ფიტოსანიტარული სერტიფიცირების სისტემის განხილვა იყო.
„სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს საცდელ ლაბორატორიებში აუდიტი ჩაატარეს და რუსეთში ექსპორტირებული თესლოვანი და კურკიანი ხილის ფიტოსანიტარული სერტიფიცირების სისტემა შეისწავლეს“, – ნათქვამია „როსსელხოზნადზორის“ 9 ნოემბრის განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, დელეგაციამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მუშაობა შეამოწმა. აღნიშნული ლაბორატორია რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილ მცენარეულ პროდუქციას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენებზე ამოწმებს. შემოწმების ფარგლებში შეფასდა ლაბორატორიის „ორგანიზაციული სტრუქტურა, აღჭურვილობა, პერსონალის კვალიფიკაცია, კვლევის მეთოდები და ობიექტების შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან“.
„გარდა ამისა, ქართველმა კოლეგებმა წარმოადგინეს ნიმუშების საკარანტინო ფიტოსანიტარული სტატუსის განსაზღვრის პროცედურა და ფიტოსანიტარული სერტიფიკატების გაცემის პროცესი“, – ნათქვამია განცხადებაში.
დელეგაციამ ასევე მოინახულა გორის მუნიციპალიტეტში ხუთი ობიექტი, სადაც თესლოვანი და კურკიანი ხილი მოჰყავთ, ინახავენ და ექსპორტისთვის ამზადებენ. „როსსელხოზნადზორის“ განცხადებით, უწყება ლაბორატორიას გადაუგზავნის აუდიტის ანგარიშს, რომელიც დაადასტურებს მის კომპეტენციას, კვლევის მეთოდებსა და ტესტირების შედეგებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართული მხარის ინფორმაციით, ქვეყანაში „მცენარეთა კარანტინის ეროვნული სისტემა ვითარდება“. „როსსელხოზნადზორი“ კი აღნიშნავს, რომ „ორი ქვეყნის ციფრული პლატფორმების ინტეგრირება ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლის ოპტიმიზაციას, გაზრდის საკარანტინო რეგულირებას დაქვემდებარებული პროდუქციის ორმხრივ მიწოდებას და გააძლიერებს კონტროლს მის უსაფრთხოებაზე“.
საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მანამდე განაცხადა, რომ „აქტიურად თანამშრომლობს“ სავაჭრო პარტნიორებთან ფიტოსანიტარული კონტროლისა და სერტიფიცირების საკითხებზე, რათა ხელი შეუწყოს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს და უზრუნველყოს უსაფრთხო ვაჭრობა. სააგენტოს განცხადებით, ეს თანამშრომლობა მოიცავს „ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემების, ლაბორატორიული შესაძლებლობებისა და საექსპორტო პროდუქციაში პესტიციდების ნარჩენების კონტროლის მექანიზმების გაცნობას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებას“.
საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო გეგმავს, წლის ბოლომდე აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთისა და ბულგარეთის შესაბამის უწყებებთან განიხილოს ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებები.
This post is also available in:
civil ახალი ამბები