რუსეთის საიდუმლო ლაბორატორია, სადაც ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ, გააფართოვეს და განაახლეს

1 week ago 3

რუსეთის სახელმწიფო მედიამ 2024 წლის იანვარში გაავრცელა იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ვიზიტის კადრები მოსკოვის მახლობლად მდებარე დაწესებულებაში. კადრებში ჩანს აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა, რომლებიც, ექსპერტების თქმით, გამოიყენება ბიოლოგიურ ლაბორატორიებში, სადაც მსოფლიოში ყველაზე საშიშ პათოგენებთან მუშაობენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის აპრილის ანგარიშში თქვა, რომ შეერთებული შტატების შეფასებით, „რუსეთი ინარჩუნებს შეტევითი [ბიოლოგიური იარაღის] პროგრამას“ გაეროს ბიოლოგიური იარაღის კონვენციის დარღვევით. ანგარიშში დასახელებულია ეს დაწესებულებაც - 48-ე ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, როგორც მაგალითი იმისა, რომ რუსეთი ეწევა „საბჭოთა ეპოქის ბიოლოგიური ომის ინფრასტრუქტურის ფართო მოდერნიზებას, რომელსაც შეუძლია მხარი დაუჭიროს მის დღევანდელ შეტევით პროგრამას“.

რუსეთი ბრალდებას უარყოფს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაზეთთან აპრილში მიცემულ ინტერვიუში, ამ დაწესებულების ხელმძღვანელმა ობიექტს უწოდა „ბიოლოგიური თავდაცვის სისტემის“ ნაწილი. სამინისტრო აცხადებს, რომ ის მიზნად ისახავს რუსი სამხედროებისა და მოსახლეობის პათოგენებისგან თავდაცვის განვითარებას.

ინსტიტუტი, რომელიც ქალაქ სერგიევ პოსადის მახლობლად მდებარეობს, „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიის ავტორების ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. სტატიაში ნათქვამია, რომ გასაიდუმლოებულ ადგილას ბოლო ორი წლის განმავლობაში, მასიური სარემონტო და სამშენებლო პროექტის ფარგლებში აშენდა რამდენიმე ახალი შენობა.

სერგიევ პოსად-6-ის სახელით ცნობილი ადგილის სატელიტური სურათების გაანალიზებისას ექსპერტებმა „ვაშინგტონ პოსტს“ უთხრეს, რომ შენობიდან სულ მცირე ოთხი ბიოლოგიური ლაბორატორიების თანმხლებ ნიშნებს ატარებს, უსაფრთხოების მაქსიმალური დონით, რომელიც საჭიროა სასიკვდილო პათოგენებთან მუშაობისთვის, როგორიცაა ჩუტყვავილა და ებოლას ვირუსები.

Planet Labs-ის სატელიტურ სურათზე ჩანს ობიექტი სერგიევ პოსადის მახლობლად, სადაც გაფართოების პროექტი მიმდინარეობდა ბოლო ორი წლის განმავლობაში.

Planet Labs-ის სატელიტურ სურათზე ჩანს ობიექტი სერგიევ პოსადის მახლობლად, სადაც გაფართოების პროექტი მიმდინარეობდა ბოლო ორი წლის განმავლობაში.

რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა მოიპოვა შოიგუს (ამჟამად რუსეთის პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს მდივანი) ამ დაწესებულებაში ვიზიტის ვიდეოკადრები. კადრები იანვარში გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომ და გამოაქვეყნეს სახელმწიფო და კრემლისადმი მეგობრულად განწყობილმა მედიასაშუალებებმა, თუმცა ამ დაწესებულების ბიოლოგიურ იარაღთან კავშირი არ უხსენებიათ.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს ნაწილში ხმა გათიშულია. ამ დროს შოიგუს და მის გარემოცვას აჩვენებენ კომპლექსის შიგნით არსებულ ტერიტორიებს, სადაც მოჩანს ტექნიკა, რომელიც მაღალი უსაფრთხოების ბიოლოგიურ ლაბორატორიას ჰგავს.

მათ შორისაა დიდი, ცილინდრული მეტალის ცისტერნა, რომელიც კიბეებითაა შემოსაზღვრული. ის წააგავს დაბინძურებული წყლის გამწმენდ მოწყობილობას, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება ხოლმე ბიოუსაფრთხოების მაღალი დონის ლაბორატორიებში.

 მსგავსი გარეგნობის ცისტერნები აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ლაბორატორიაში.

მარცხნივ: ცისტერნა ჩანს შოიგუს ვიზიტის კადრებში; მარჯვნივ: მსგავსი გარეგნობის ცისტერნები აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ლაბორატორიაში.

ევროპელმა ექსპერტმა მაღალი უსაფრთხოების ბიოლოგიური ლაბორატორიების საკითხებში, რომელიც რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს ანონიმურობის პირობით ესაუბრა, თქვა, რომ ავზი შეიძლება მართლაც იყოს წყლის გამწმენდი სისტემის ნაწილი. როგორც ჩანს, ავზს აქვს შედარებით მცირე მოცულობა, მაგრამ თუ ვიმსჯელებთ კიბეების ადგილმდებარეობის მიხედვით, იმავე სისტემის უფრო დიდი ცისტერნები შეიძლება კადრს გარეთ იყოს დარჩენილი. გაურკვეველია, 48-ე ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის რომელ შენობაში იმყოფებოდა შოიგუ გადაღების დროს.

ვიდეოში ასევე ნაჩვენებია საჰაერო საკეტი, მნიშვნელოვანი ბარიერი დალუქულ ოთახსა და გარე ზონას შორის. რუსმა ვირუსოლოგმა სერგეი ნეტიოსოვმა რუსულ გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა მიიღო მაღალი დაცული ბიოლოგიური ლაბორატორიების მშენებლობის საერთაშორისო სტანდარტები.

შოიგუს (მარჯვნივ) ვიზიტის ვიდეოკადრებში სერგიევ პოსადის დაწესებულებაში ჩანს რუსული წარწერა კარზე „საჰაერო საკეტი“

შოიგუს (მარჯვნივ) ვიზიტის ვიდეოკადრებში სერგიევ პოსადის დაწესებულებაში ჩანს რუსული წარწერა კარზე „საჰაერო საკეტი“

„ყველაზე საშიში პათოგენების ლაბორატორია არის შენობა შენობაში. შიდა შენობას აქვს საკუთარი ფანჯრები, მაგრამ ისინი, როგორც წესი, ტყვიაგაუმტარია და ორმაგი ან სამმაგი [მინისაა]. ეს შიდა შენობა არის ბინძური ზონა, სადაც მუშაობენ პათოგენებთან. სუფთა ზონა არის გარე ნაწილი, ახლა მსოფლიოში ყველა ასე აშენებს“, - თქვა ნეტიოსოვმა.

"შავი ყუთები"

სერგიევ პოსადის დაწესებულება საბჭოთა ხელისუფლების დროს, 1954 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთია სამი ცენტრიდან, რომლებიც ერთად ქმნიან 48-ე ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტს, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მართავს. 2021 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა სამივეს სანქციები დაუწესა.

საბჭოთა ცენტრები იკვლევდნენ სასიკვდილო პათოგენებს, როგორიცაა ჭირის ბაქტერია და ჯილეხი, ისევე როგორც ჩუტყვავილას და სხვა ვირუსებს. სამუშაოს ნაწილი იყო ამ პათოგენების ინფექციურობის გაზრდის და სამედიცინო ჩარევის მიმართ გამძლეობის შესაძლებლობის შესწავლა. მსგავსი სამუშაოები მიმდინარეობდა სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის - შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთსა და საფრანგეთში.

1975 წელს საბჭოთა მთავრობამ მოახდინა გაეროს ბიოლოგიური იარაღის კონვენციის რატიფიცირება, თუმცა უარი თქვა იმის აღიარებაზე, რომ ის, ფაქტობრივად, მუშაობდა ბიოლოგიური იარაღის შემუშავებაზე. კონვენციაზე ხლის მოწერის მიუხედავად საბჭოთა კავშირმა გააფართოვა თავისი საიდუმლო ბიოლოგიური იარაღის პროგრამა, რომელშიც ათიათასობით ადამიანი იყო დასაქმებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამ პროგრამამ გამოიწვია ჯილეხის აფეთქება, რომელმაც ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა სვერდლოვსკში, რომელსაც ახლა ეკატერინბურგი ეწოდება.

ქალი ეკატერინბურგში თავისი ქმრის საფლავზე, რომელიც გარდაიცვალა 1979 წელს ჯილეხის გავრცელების შედეგად.

ქალი ეკატერინბურგში თავისი ქმრის საფლავზე, რომელიც გარდაიცვალა 1979 წელს ჯილეხის გავრცელების შედეგად.

პროგრამის შესახებ დეტალები გაავრცელეს საბჭოთა მეცნიერებმა, რომლებიც დასავლეთში გაიქცნენ. მათ შორის იყო ვლადიმირ პასეჩნიკი - საბჭოთა კავშირის ფორმალურად სამოქალაქო სააგენტოს ერთ-ერთი ინსტიტუტის, „ბიოპრეპარატის“ დირექტორი, რომელიც რეალურად შეტევით ბიოლოგიურ იარაღს შეიმუშავებდა.

პასეჩნიკი 1989 წელს ბრიტანეთში გადავიდა და დასავლეთს გადასცა დეტალური ინფორმაცია „ბიოპრეპარატის“ ოპერაციების შესახებ. 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმე თვეში, რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა პირველად აღიარა საჯაროდ პროგრამის არსებობა.

ელცინმა იმავე წლის აპრილში მოაწერა ხელი ბრძანებულებას, რომელიც მოითხოვდა ბიოლოგიური იარაღის კონვენციის დაცვას და პროგრამის სრულ შეწყვეტას. მოგვიანებით, 1992 წელს, მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგორი ბერდენიკოვმა აღიარა, რომ „შეტევითი ბიოლოგიური პროგრამები“ რუსეთში 1992 წლის მარტამდე გრძელდებოდა.

1990-იან წლებში ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებთან სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე ჩატარდა ურთიერთინსპექციები, მაგრამ რუსეთს არასოდეს დაუშვია სერგიევ პოსადის ცენტრის ან 48-ე ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კიდევ ორი დაწესებულების ინსპექტირება, რომლებიც ეკატერინბურგსა და კიროვში მდებარეობდა.

„ისინი დარჩნენ შავ ყუთებად გარე სამყაროსთვის“, განუცხადა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს ენდრიუ ვებერმა, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა თანაშემწემ რადიაციის, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის პროგრამებში.

ვებერმა თქვა, რომ „ძნელია თავდაცვითი სამუშაოების გარჩევა უკანონო შეტევითი სამუშაოსგან“, მაგრამ შეერთებულ შტატებს აქვს „განსაკუთრებული სადაზვერვო ცნობები 48-ე ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის წინააღმდეგ, რადგან დასავლეთისთვის პრიორიტეტულია იცოდეს, რა უკანონო ქმედებები ხდება ამ ობიექტებში“.

დასავლეთის მთავრობები მიიჩნევენ, რომ რუსეთმა უკვე დაარღვია ქიმიური იარაღის კონვენცია, რომლის მხარეც ის არის, 2018 წელს ინგლისში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის „ნოვიჩოკით“ მოწამვლით და 2020 წლის სექტემბერში ციმბირში ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლით. რუსეთის უშიშროების სამსახურებს ორივე თავდასხმასთან არაერთი მტკიცებულება აკავშირებს.

ვებერმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2021 წლის მაისში მიღებულ სანქციებს 48-ე ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის წინააღმდეგ უწოდა „აისბერგის მწვერვალი“, „დიდი რაოდენობის მაღალი ხარისხის სადაზვერვო ცნობებისა“, რაც ამყარებს ვაშინგტონის შეფასებას, რომ „რუსეთი აგრძელებს და ამ ობიექტებში უკანონოდაა ჩართული ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებულ ქმედებებში - შეტევით მოქმედებებში, რომლებიც აკრძალულია“.

ლაბორატორიული აღჭურვილობა "ბიზნესცენტრისთვის"

მიუხედავად იმისა, რომ სერგიევ პოსადის დაწესებულება საიდუმლოებით არის მოცული, მან რაღაც კვალი მაინც დატოვა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის მიერ შესწავლილ საჯარო ჩანაწერებში.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული გაფართოების შემდეგ აღმართული შენობების ფოტოები და რენდერები განთავსდა Okna-Star-ის ვებსაიტზე. ესაა ქვეკონტრაქტორი, რომელიც ობიექტის ფასადის მშენებლობაში მონაწილეობდა. კომპანიის ვებსაიტზე პროექტი „ბიზნესცენტრადაა“ მოხსენიებული.

„პროექტი დროულად დასრულდა და მომხმარებელი სრულიად კმაყოფილი დარჩა!“ - იკვეხნის კომპანია.

სერგიევ პოსად-6-ის პროექტის რენდერი გამოქვეყნებულია ქვეკონტრაქტორის, Okna-Star-ის ვებგვერდზე, რომელიც მუშაობდა გაფართოების პროექტზე.

სერგიევ პოსად-6-ის პროექტის რენდერი გამოქვეყნებულია ქვეკონტრაქტორის, Okna-Star-ის ვებგვერდზე, რომელიც მუშაობდა გაფართოების პროექტზე.

Google Earth-ის სატელიტური სურათი Sergiyev Posad-6-ის გაფართოებისა და განახლების დროს.

Google Earth-ის სატელიტური სურათი Sergiyev Posad-6-ის გაფართოებისა და განახლების დროს.

რუსეთის სახელმწიფო შესყიდვების ჩანაწერები ასევე აჩვენებს 48-ე ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის ხარჯების ზრდას ლაბორატორიულ აღჭურვილობაზე 2021 წლის ბოლოს, ობიექტის გაფართოებისა და რემონტის მშენებლობის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე.

მხოლოდ 2021 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში ინსტიტუტმა უფრო მეტი დახარჯა აღჭურვილობაზე, ვიდრე წინა ხუთ წელიწადში ერთად. რუსეთის მთავრობამ 2022 წლიდან დაწყებული სამხედრო შესყიდვების მონაცემებს საიდუმლო კატეგორია მიანიჭა.

რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა ასევე აღმოაჩინა რამდენიმე ღია პატენტი და სამეცნიერო ნაშრომი 48-ე ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სერგიევ პოსადის და კიროვის ფილიალებისგან, რომლებიც დაკავშირებულია პათოგენების აეროზოლური ფორმების მომზადებასა და გავრცელებასთან.

დიმიტრი პრუსი, აშშ-ში ბაზირებული მოლეკულური ბიოლოგი, რომელმაც რადიო თავისუფლების თხოვნით ეს ნაშრომები და პატენტები შეისწავლა, ამბობს, რომ „სამოქალაქო სამყაროში არ არის საჭირო პათოგენების გადაქცევა ულტრაწვრილ და აეროზოლირებულ ფორმებად“.

რუსმა ვირუსოლოგმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს განუცხადა, რომ პათოგენების აეროზოლისა და ფხვნილის სახით ქცევას სამოქალაქო დანიშნულება არ გააჩნია, ის მხოლოდ პათოგენების ღრუბლით მტრის ცოცხალი ძალის განადგურებას ემსახურება.

„ასეთი აეროზოლის ეფექტიანობა თანამედროვე ომის რეალობაში ძალზე საეჭვოა. მხოლოდ ქალაქების მოსახლეობის მოსასპობად...“, - განაცხადა ვირუსოლოგმა.

"თითქმის დანამდვილებით" შეიმუშავებს ბიოლოგიურ იარაღს

მილტონ ლაიტენბერგმა, მერილენდის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სკოლის საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევების ცენტრის მკვლევარმა, თქვა, რომ დასავლელი სპეციალისტების მიერ 1990-იან წლებში სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე სერგიევ პოსადის ობიექტში არშესვლა იყო „უკიდურესად სამწუხარო შეცდომა“.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, აგვერჩია სამი სამხედრო ინსტიტუტი ან „ბიოპრეპარატის“ ოთხი ლაბორატორია და ჩვენ ავირჩიეთ „ბიოპრეპარატი“, რადგან პასეჩნიკმა ყველაფერი დეტალურად გვითხრა და ჩვენ, უხეშად რომ ვთქვათ, ზუსტად ვიცოდით, სად უნდა გვეძებნა“, - განუცხადა ლაიტენბერგმა რადიო თავისუფლებას.

ლაიტენბერგი მიიჩნევს, რომ რუსეთი „თითქმის დანამდვილებით“ აგრძელებს ბიოლოგიური იარაღის შექმნას.

„უკვე 25 წელია, რაც ბიოლოგიური იარაღის ექსპერტთა არაფორმალური ჯგუფის ნაწილი ვარ. ის 11 ქვეყნის ექსპერტებისგან შედგება, საიდანაც ზოგი თავის მთავრობებში მუშაობდა, ზოგი კი ახლაც სამთავრობო სამუშაოებშია ჩართული“, - განაცხადა ლაიტენბერგმა.

„ეს არ არიან შემთხვევითი ადამიანები, ისინი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობენ ამ სფეროში“, - დასძინა მან. „ამ 50 ადამიანიდან ამ კითხვას ყველა დადებითად უპასუხებდა. მხოლოდ ორი-სამი თუ დასვამდა პატარა კითხვის ნიშანს „დიახ“-ის შემდეგ“.

სრულად წაკითხვა