რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

5 hours ago 2
სოფელი ბერშუეთი, გორის მუნიციპალიტეტი, ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მახლობლად. წყარო: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 9 ივნისს განაცხადა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლოდროინდელი პრაქტიკის შესაბამისად, სუს-მა პირის ვინაობა არ გაამხილა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საინფორმაციო სააგენტო „რესმა“ განაცხადა, რომ მამაკაცი 48 წლის მამუკა ბაღაურია. გამოცემის თანახმად, იგი 6 ივნისს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის“ დააკავეს.

„უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი“, – განაცხადა სუს-მა.

უწყების თქმით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, „განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა