რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ხმის მიცემის პროცესი დაიწყო, რომელიც 3 დღეს (15-17 მარტს) გაგრძელდება.

არჩევნებში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გარდა, ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს: დუმის კომუნისტი დეპუტატი ნიკოლაი ხარიტონოვი, “ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ლეონიდ სლუცკი და დუმის ვიცე-სპიკერი ვლადისლავ დავანკოვი პარტიიდან “ახალი ხალხი.”

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა პოლიტიკოს ბორის ნადეჟდინს და ჟურნალისტ ეკატერინა დუნცოვას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას აკრიტიკებენ.

საარჩევნო კომისიის მიხედვით, რუსეთის ტერიტორიაზე 112 309 947 ამომრჩეველია, ხოლო საზღვარგარეთ – 1 890 863. რუსეთი “საპრეზიდენტო არჩევნებს” ატარებს საქართველოს ტერიტორიებზეც, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ასევე, უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში (დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი, ზაპოროჟიე, ყირიმი). საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ არჩევნების ჩატარებას გმობს.

ცნობისთვის, პუტინი მეხუთე ვადით გახდება რუსეთის პრეზიდენტი. რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია, დასავლეთს მოუწოდებს, არ აღიაროს პუტინი ლეგიტიმურ პრეზიდენტად.