რუსეთის სპეცსამსახურების ექს-თანამშრომლების მიერ დაფუძნებული ინსტიტუტი თბილისში კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორია

8 months ago 4

თბილისში გაიმართა კონფერენცია, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი საბჭოთა და რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, „რუსული კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტია“ (НИИКР).

ინფორმაციას ამის შესახებ გაავრცელა რუსულმა დამოუკიდებელმა მედია АГЕНСТВО-მ, რომლის თანახმადაც კონფერენციის მისამართი არ სახელდება.

НИИКР-ის ვებ-გვერდზე გავრცელებული ანონსით, კონფერენციაზე „რუსეთი და მსოფლიო: დიალოგები – 2024. მიზიდულობის ძალები“ ​​ექსპერტები რუსეთიდან და საქართველოდან იმსჯელებენ თემაზე „ტრადიციული ღირებულებები, როგორც ქვეყნებისა და ხალხების დაახლოების ფაქტორი“. რუსეთის მხრიდან კონფერენციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის დასახელებულია კრასნოდარის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვალენტინა კომლევა, პოლიტიკური სტრატეგი ევგენი მინჩენკო, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი ალექსანდრე იაკოვლევი, ასევე, ვიდეოჩართვით — ეკონომისტი ევგენია გორიუშინა.

საქართველოდან კონფერენციის ორგანიზატორები „ევრაზიის ინსტიტუტი“ (გულბაათ რცხილაძე) და ფონდი SIKHA (არჩილ სიხარულიძე).

გულბაათ რცხილაძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ კონფერენციის მონაწილეთა არაზუსტი სია გავრცელდა. მისი თქმით, თბილისში იმყოფება ორი პროფესორი, სხვები Zoom-ის საშუალებით ჩაერთნენ. რცხილაძემ არ დაასახელა სტუმრების ვინაობა, მათ „რაიმე დისკომფორტი რომ არ შეექმნათ“.  თუმცა თქვა, რომ სტუმრებს შორის არ ყოფილან რუსული სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები და არც ისეთი პირები, ვისაც დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

თბილისის კონფერენციის დღის წესრიგში არ ფიგურირებენ, თუმცა НИИКР-ის სამეთვალყურეო საბჭოსა და დამფუძნებელებს შორის არიან КГБ-ის მე-3 დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი გრიბინი და ვლადისლავ გასუმიანოვი, რომელიც 1982 წლიდან 2001 წლამდე მსახურობდა КГБ, СВР-სა и ФСБ-ში;

გასუმიანოვისა და გრიბინის გარდა, სამეთვალყურეო საბჭოში შედიან საბჭოთა და რუსეთის სადაზვერვო სამსახურების სხვა ყოფილი თანამშრომლები, მათ შორის, გენერალი ანატოლი ბოლიუხი და გენერალ-ლეიტენანტი ბორის მიროშნიკოვი, ასევე, რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, გენერალ-პოლკოვნიკი ვალენტინ სობოლევი.

„[დამფუძნებლებს შორის] არიან და მერე რა? ღმერთმა გაუმარჯოს, თავისი ქვეყნის პატრიოტები არიან, რა პრობლემაა? ისინი აქ არ ყოფილან“, — თქვა გულბაათ რცხილაძემ.

გარეკანის ფოტოზე: ვლადიმერ პუტინის მიერНИИКР-ის დირექტორ ვლადისლავ გასუმიანოვის დაჯილდოება

სრულად წაკითხვა