WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

01.09.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე ავიაკომპანიებისთვის სრულიად საშიში ხდება.

მისი განცხადებით, რუსეთის ცა „დე ფაქტო დაიკეტება“.

„დღეს ჩვენ გვინდა გავაფრთხილოთ თითოეული ავიაკომპანია, რომელიც იყენებს რუსეთის საჰაერო სივრცეს, თითოეული დამზღვევი, ყველა, ვინც ჯერ კიდევ სარგებლობს საკვანძო რუსული აეროპორტებით: რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება.

უკრაინა საფრთხეს არ უქმნის სამოქალაქო ავიაციას, როგორც ასეთს, არცერთ სამოქალაქო თვითმფრინავს. უბრალოდ, რუსეთის ცაში დრონები იფრენენ და ეს გასათვალისწინებელია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ამის შესახებ ჯეროვნად არ იუწყება, რუსეთის ცა დე ფაქტო დაიკეტება: რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი კეტავს მის ცას“, – თქვა მან საღამოს ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში.

ამავე მიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას არ სურს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის მოსპობა, ამიტომ აფრთხილებენ პარტნიორებს, რომ რუსეთის ცაში უსაფრთხო პერიოდი დასრულდა.

ზელენსკი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ესმოდეთ იმ სახელმწიფოების ელჩებს, რომლებიც მუშაობენ უკრაინაში და ელჩებს, რომლებიც მუშაობენ მოსკოვში.

„თითოეულმა მათგანმა ზუსტად იცის, რას ნიშნავს რუსული ომი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ეს ინფორმაცია თავის დედაქალაქებს უნდა მიაწოდოს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ესმოდეთ შესაბამის ავიაკომპანიებს, რომლებიც ახლა დაფრინავენ პირველ რიგში მოსკოვის, პეტერბურგისა და სხვა საკვანძო რუსული მიმართულებების აეროპორტებში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი შესაბამისი ინსტიტუტები საერთაშორისო სტრუქტურებს სრულ ინფორმაციას მიაწვდიან რუსეთის ცაში არსებული საფრთხეების შესახებ. სამოქალაქო ავიაციის ადგილი დრონებს შორის არ არის“, – თქვა ზელენსკიმ.