მსხვერპლი, ნგრევა და ხანძრები მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის ჯარების მორიგ შეტევას. დაღუპულთა შორის ბავშვიცაა.
უკრაინის სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 14 აგვისტოს რუსული რეაქტიული დრონებით დარტყმა იყო ბურინის რაიონში. განადგურებულია კერძო სახლი. კიდევ რამდენიმე დაზიანებულია.
დაიღუპა ორი ადამიანი. ისინი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ - 9 წლის ბიჭი და მისი 29 წლის დედა. ბავშვის მამა და ბებია მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულია კიდევ ორი ადამიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოთხი ადამიანი დაშავდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონში. დაშავებულებიდან ორი მოზარდია. დაზიანებულია კერძო სახლები და საწარმო. გაჩნდა ხანძრები.
ხუთი ადამიანი დაშავდა ჩერკასის ოლქში. სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული დრონით შეტევის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა მრავალბინიანი სახლი.
13 აგვისტოს ღამით რუსეთის ჯარებმა დაარტყეს დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკსაც. დაზიანებულია მრავალბინიანი სახლები. ოლქის პროკურატურის მიერ 14 აგვისტოს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი და 17 დაიჭრა.
radiotavisupleba ახალი ამბები