WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის ჯარებმა 12-დან 13 აგვისტოს ღამით მორიგი საჰაერო შეტევა მიიტანეს უკრაინაზე. ერთ-ერთი სამიზნე ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურა იყო.

ოდესის ოლქის იზმაილის რაიონის ადმინისტრაციის მიერ სოციალური ქსელებით 13 ივლისს დილით გავრცელებული ცნობებით, დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებულია საპორტო ინფრასტრუქტურა, გაჩნდა ხანძრები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც. ქალაქ იზმაილის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ოფიციალური არხებით გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ იზმაილის პორტში დაარტყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის დროებითი დისლოკაციის პუნქტს და სამხედრო მიზნებით გამოყენებულ ინფრასტრუქტურას, ხოლო იზმაილის რაიონის ქალაქ რენის პორტში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მართვის პუნქტს. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

რუსეთის ჯარებმა დრონებით შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხერსონზეც. სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შვიდი ადმიანი დაიჭრა სუმის ოლქში. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 133 უპილოტო საფრენი აპარატით. 13 აგვისტოს დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 111 დრონის მოგერიება. საჰაერო თავდასხმის მოუგერიებელი საშუალებებით პირდაპირი დარტყმა იყო 15 ადგილზე.