30 აპრილს, რუსეთმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემით მათ შეძლეს ექვსი "ატაკამსის" სახელით ცნობილი, შორი რადიუსის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტის (ATACMS) ჩამოგდება. მოსკოვის მტკიცებით, ამერიკული წარმოების რაკეტები უკრაინამ ბოლო 24 საათის განმავლობაში გაუშვა.
„საჰაერო თავდაცვამ ათი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი); ექვსი "ატაკამსის" ტაქტიკური რაკეტა, რომლებიც დამზადებულია შეერთებული შტატების მიერ და „ჰამერის“ ტიპის, საფრანგეთში წარმოებული, ორი მართვადი თვითმფრინავის ბომბი ჩამოაგდო“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
სამინისტრო არ აზუსტებს, თუ სად ჩამოაგდეს მათ "ატაკამსები". ყირიმის, რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებული უკრაინის ტერიტორიის მმართველი, სერგეი აქსიონოვი აცხადებს, რომ "ატაკამსის" რაკეტები ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩამოაგდეს. აქსიონოვი განადგურებული ამერიკული რაკეტების რაოდენობაზე არ საუბრობს. მან "ტელეგრამზე" გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ნაჩვენებია ის, რასაც ის "ატაკამსების" ნარჩენებად აღწერს.
ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შორი რადიუსის სარაკეტო სისტემები 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში მიაწოდა. აღნიშნული დახმარება ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 მარტს დაამტკიცა. ბაიდენის ადმინისტრაციაში თვეების მანძილზე განიხილავდნენ, მიეწოდებინათ თუ არა უკრაინისთვის შორი, დაახლოებით 300 კილომეტრი რადიუსის "ატაკამსები". ვაშინგტონმა საშუალო რადიუსის სარაკეტო სისტემები კიევს გასული წლის სექტემბერში გადასცა.