WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

რუსეთმა გაათავისუფლა ამერიკელი სამხედრო ვეტერანი, რობერტ გილმანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, გავრცელებული ცნობებით, უკიდურესად მძიმე იყო. ინფორმაცია გაავრცელა ჯგუფმა, რომელიც ყოფილი საზღვაო ქვეითის ინტერესებს იცავდა, ასევე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჩემი დისკუსიების შემდეგ, რუსეთი დათანხმდა მის გათავისუფლებას, უმეტესწილად ჰუმანიტარულ საფუძველზე“, — დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე და დასძინა, რომ პატიმრების გაცვლა არ მომხდარა.

დაკავებული ცოტა ხნის წინ რუსეთის ციხიდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

მისი ოჯახის განცხადების თანახმად, მოსალოდნელია, რომ გილმანს მოგვიანებით ტეხასში მდებარე აშშ-ის სამხედრო ჰოსპიტალში დააწვენენ კვლევებისა და მკურნალობისთვის.

ოჯახი ამბობს, რომ 32 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა „სიცოცხლისთვის საშიში“ გახდა მას შემდეგ, რაც მას „სასტიკად და შეურაცხმყოფელად ეპყრობოდნენ“.

გილმანი 2022 წელს დააკავეს. სიმშვიდის დარღვევის გამო სამგზავრო მატარებლიდან ჩამოყვანილ გილმანს, პოლიციელის ცემის ბრალდებით, თავდაპირველად 3 წელი და 6 თვე მიესაჯა. მოგვიანებით მას ბრალი წაუყენეს საკნის შემოწმებისას ციხის ინსპექტორზე თავდასხმის, გამომძიებლის ცემისა და ბადრაგისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის, რის გამოც 2024 წლის ოქტომბერში 8 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიესაჯა. გასულ წელს, ციხის ბადრაგებზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნობის შემდეგ, მის სასჯელს ვადა გაუგრძელდა და 10 წელი განესაზღვრა.

ფოტო: REUTERS