რუსეთმა აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა – სანქცია ურჩობისთვის თუ სანიტარიული ზომა?

2 weeks ago 11

რუსეთმა აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა, ამის შესახებ „ინტერფაქსს“ ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ განუცხადა.

„დიახ, რუსულმა მხარემ აფხაზეთიდან იმპორტი აკრძალა სანიტარიული სამსახურების გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ აფხაზეთის სანიტარიული სამსახურები „უარყოფენ ციტრუსებში მავნე მწერების [კერძოდ, საუბარია კალიფორნიულ ტრიპსზე – რედ.] არსებობას“.

„როგორც წესი, რუსული მხარე ამ მავნებლებს აფხაზეთში ზუსტად რიგგარეშე არჩევნების წინ აღმოაჩენს ხოლმე. სამწუხაროდ, ეს ღონისძიება მოსახლეობის ყველაზე ღარიბ ფენებს შეეხება, რომლებიც თავიანთი მოსავლიდან მიღებული შემოსავლით ცხოვრობენ“, – დასძინა ბგანბამ.

ექსპერტების შეფასებით, რუსულ ბაზარზე აფხაზური მანდარინის წილი 2-იდან 7%-მდეა, სეზონის მიხედვით. აფხაზური მანდარინი რუსეთის მოსახლეობაში პოპულარულია, ამ ციტრუსის მთავარი იმპორტიორი კი თურქეთია, რომელზეც ქვეყანაში იმპორტირებული მანდარინის ნახევარზე მეტი მოდის.

ნოემბრის დასაწყისში აფხაზეთში პროტესტი და არეულობები დაიწყო რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების გამო, რომელიც რუსული კომპანიებისთვის შეღავათებსა და მხარდამჭერ ზომებს ითვალისწინებდა. აფხაზეთის მაცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ე. წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას პოლიტიკის მიმართ და იქვე აღნიშნავდნენ, რომ მათი მოქმედებები არ იყო მიმართული მოსკოვის წინააღმდეგ. საინვესტიციო შეთანხმების ძალაში შესვლისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტს 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა მისი რატიფიკაცია, თუმცა სხდომა ჩაიშალა არეულობების გამო. პროტესტის მონაწილეებმა ასლან ბჟანიას გადადგომას მიაღწიეს და 19 ნოემბრიდან ე. წ. პრეზიდენტის მოვალეობას ბჟანიას მოადგილე ბადრა გუნბა ასრულებს. ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში 15 თებერვალს არის დანიშნული.

3 დეკემბერს ე. წ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ რუსეთთან ხელშეკრულების რატიფიკაციის წინააღმდეგ მისცა ხმა.

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასლან ბჟანია რუსეთს სთხოვს, სანქციები დაუწესოს აფხაზეთს, რათა ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეს.

ადგილობრივი გამოცემა „რესპუბლიკას“ ცნობით, სანქციებს შორის შეიძლება განხილულიყო აფხაზური ციტრუსის ექსპორტის აკრძალვა რუსეთში, რუსეთიდან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, აგრეთვე, დაფინანსების შეჩერება „ყველა მუხლით“, თუმცა ბოლო პუნქტის დეტალები უცნობია.

სრულად წაკითხვა