რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზი ჟურნალისტი და გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი „უცხოეთის აგენტების“ რეესტრიდან ამოიღო. შესაბამისი გადაწყვეტილება 2026 წლის 19 ივნისს უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ინალ ხაშიგი რუსეთმა “აგენტების” რეესტრში 2025 წლის 7 მარტს შეიყვანა. მაშინ რუსეთის იუსტიციის სამინისტრო აცხადებდა, რომ ჟურნალისტი „ავრცელებდა არასანდო ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათი პოლიტიკისა და საარჩევნო სისტემის შესახებ“ და „ურთიერთობდა უცხოელ პოლიტიკურ მოღვაწეებთან“. ახალ გადაწყვეტილებას კი საფუძვლად დაედო ის, რომ მის შემთხვევაში „უცხოეთის აგენტის ნიშნები აღარ ჩანს”.
ხაშიგი რეესტრში ერთდროულად სხვა აფხაზ ჟურნალისტებთან, იზიდა ჭანიასთან და ნიზფა არშბასთან ერთად მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი პროფესიული საქმიანობა სრულად აფხაზეთში ხორციელდებოდა.
ჟურნალისტების რეესტრში შეყვანამ აფხაზეთში ფართო საზოგადოებრივი გამოხმაურება გამოიწვია. ბევრი ამას შიდა პოლიტიკისა და აფხაზურ-რუსული ურთიერთობების საკითხებზე მათ კრიტიკულ პოზიციას უკავშირებდა.
კრიტიკას იწვევდა ასევე წარდგენილი ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებების არქონა და თავად პრაქტიკა, რომლის ფარგლებშიც ეს კანონმდებლობა აფხაზებზე ვრცელდებოდა, მათ შორის იმ პირებზე, რომლებსაც სხვა მოქალაქეობა საერთოდ არ აქვთ, როგორც ნიზფა არშბას შემთხვევაში.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·