WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთმა ქართული ოპოზიციური პარტია „დროა“, რომელსაც პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს, თავის ტერიტორიაზე „არასასურველ“ ორგანიზაციად გამოაცხადა. რუსეთი პარტიას „მკვეთრად რუსოფობიური შეხედულებების“ ქონასა და საქართველოსთან მიმართებაში „რუსეთის ქმედებების დისკრედიტაციის“ მცდელობაში ადანაშაულებს.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ 5 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პარტია „დროა“ 2021 წელს დაარსდა და ოპოზიციური გაერთიანების „კოალიცია ცვლილებისთვის“ შემადგენლობაშია. უწყების განმარტებით, პარტიის საქმიანობა მიმართულია „ადგილობრივი მმართველი ელიტის რუსეთთან კავშირების ეგრეთ წოდებული მხილებისკენ“, საქართველოში „ერთპარტიული სისტემის“ დემონტაჟისა და „ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების იდეის ხელშეწყობისკენ“.

პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ „დროას“ წევრებს „მკვეთრად რუსოფობიური შეხედულებები“ აქვთ და „საქართველოსთან მიმართებით ჩვენი ქვეყნის ქმედებების დისკრედიტაციას“ ცდილობენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტია „ეწინააღმდეგება რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის აღდგენასა და პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებას მოითხოვს“.

„მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და სამხრეთ კავკასიის ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტი“.

უწყება ასევე აცხადებს, რომ „დროას“ ლიდერი „საქართველოს მმართველ პარტიას პრორუსული კურსის მხარდაჭერასა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესიდან იზოლირების მცდელობაში ადანაშაულებს“. განცხადების თანახმად, პარტია „აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის რეჟიმს, საქართველოსა და უკრაინას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს და მხარს უჭერს „კარპატების რვიანში“ საქართველოს მონაწილეობას“.

საპასუხოდ, პარტია „დროამ“ ფეისბუქზე განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, რუსეთმა ის „არასასურველ“ ორგანიზაციად გამოაცხადა, სხვა მიზეზებთან ერთად, იმის გამოც, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს; რუსეთს საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტის დამრღვევად მოიხსენიებს; ასევე, „ქართულ ოცნებასა“ და მოსკოვს შორის არსებულ „ფარულ ურთიერთობას“ ააშკარავებს.

„ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს! ივანიშვილის რეჟიმი რუსულია! ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოში! საქართველო იქნება ევროკავშირისა და ნატოს წევრი!“, – წერს პარტია.

ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერა „რუსული ოცნება“ გააკეთა. მარტში სასამართლომ იგი „სხვისი ნივთის დაზიანებაში“ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით ერთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გარდა ამისა, მას და კიდევ შვიდ ოპოზიციონერ ლიდერს „საბოტაჟის“ საქმეზე ედებათ ბრალი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ.

This post is also available in: English