რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

2 hours ago 3

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გამოფრმებისკენ მოუწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ასეთი მიდგომა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებასა და რეგიონში მშვიდობის გამყარებას უზრუნველყოფდა.

“[ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის ფარგლებში] რუსულმა მხარემ დაჟინებით მოუწოდა, დისკუსიების არსებული მანდატის შესაბამისად, მიღებულ იქნეს პრაქტიკული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მყარ უსაფრთხოებას.

საუბარია საქართველოსა და ორ სუვერენულ რესპუბლიკას შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავებაზე. ასეთი შეთანხმების გაფორმება არა მხოლოდ მნიშვნელოვან იმპულსს მისცემდა მოლაპარაკებების პროცესს საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, არამედ მთლიანად რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი იქნებოდა” – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, რუსულმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ “ადგილზე”, ანუ სასაზღვრო რეგიონებში ვითარება შედარებით მშვიდია, რასაც, მათი შეფასებით, დისკუსიების ფარგლებში არსებული მოლაპარაკებების მექანიზმების სტაბილური ფუნქციონირება უზრუნველყოფს. მათ შორის დასახელებულია რეგულარულად გამართული რაუნდები, 24-საათიანი “ცხელი ხაზი” და ერგნეთში მოქმედი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რეგულარული შეხვედრები.

“ხაზი გაესვა ასევე გალის რაიონში, საქართველო-აფხაზეთის ხაზზე მოქმედი ანალოგიური მექანიზმის მუშაობის განახლების აუცილებლობას, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყებას აფხაზეთის რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან” – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სრულად წაკითხვა