ორგანიზაცია კომპენსაციას გასცემს საკონცენტრაციო ბანაკების და გეტოების ყოფილ მოსახლეებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხზე, მათზე, ვინც იძულებითი შრომისთვის გაგზავნეს, ასევე აწარმოებს ისტორიულ პროექტებს და მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვაზე.
2000-იანი წლების შუა პერიოდისთვის მხოლოდ რუსეთში ფონდმა 200 ათას პირს გადაუხადა კომპენსაცია. 2024 წელს ფონდმა შეწყვიტა რუსეთში პროგრამის დაფინანსება, 2025 წელს კი ფონდის სამეურვეო საბჭომ ამ საბჭოში რუსეთის და ბელარუსის წარმომადგენლებს წევრის სტატუსი შეუჩერა, რასაც მკვეთრი რეაქცია მოჰყვა ორივე ქვეყნის ხელისუფლებების მხრიდან.
რუსეთის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ გერმანიის ფონდმა დაიკავა "პოლიტიკურად ანგაჟირებული ანტირუსული პოზიცია, ავრცელებდა მოწოდებებს უკრაინის მხარდასაჭერად და ორგანიზებას უწევდა შემოწირულებათა შეგროვებას". ფონდს ბრალი დასდეს რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართულ ქმედებებში, "სამხედრო წინააღმდეგობის გაძლიერებაში", საზოგადოების რადიკალიზაციასა და "რუსოფობიის კულტივაციაში".
ეს გერმანული ფონდი დაარსებულია ხელისუფლების და ბიზნესის წარმომადგენელთა მიერ. რუსეთში 2024 წელს მიიღეს კანონი, რომელიც შესაძლებელს ხდის ქვეყანაში "არასასურველად" გამოცხადდეს არა მხოლოდ კერძო არაკომერციული ორგანიზაციები, არამედ ისინიც, რომელთა დამაარსებლებს შორის სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოები არიან.
ფონდს აკრძალვაზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.