13 აგვისტოს დილით აფეთქებები იყო რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის სამრეწველო ზონებში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა. სხვა წყაროების თანახმად, დარტყმა იყო ონლაინ-ვაჭრობის უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის საწყობებზე და კომპანია „გაზპრომის” ქარხანაზე.
ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურ რადიი ხაბიროვის ცნობით, „ერთ-ერთი უპილოტოს ნამსხვრევები ჩამოცვივდა” ქალაქ სალავატის სამრეწველო ზონაში, სადაც ხანძარი გაჩნდა. ხაბიროვს რომელიმე კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულ დამოუკიდებელ გამოცემა ASTRA-ს თვითმხილველებმა აცნობეს, რომ სალავატში იწვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „გაზპრომნეფტეხიმ სალავატი“. გამოცემამ ეს დაადასტურა გავრცელებული კადრების ანალიზის საფუძველზეც.
- „გაზპრომნეფტეხიმ სალავატი“ ტრანსნაციონალური ენერგოკომპანია „გაზპრომის" შვილობილი კომპანიაა და რუსეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობქიმიურ კომპლექსს ფლობს.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ქარხანას დრონებით ორჯერ დაარტყეს 2025 წლის სექტემბერშიც და 2026 წლის ივლისში.
მორიგი შეტევა Wildberries-ის საწყობებზე
13 აგვისტოს ბაშკირეთის რესპუბლიკის ჩიშმის რაიონში შეტევა იყო ონლაინ-ვაჭრობის უმსხვილესი რუსული კომპანია Wildberries-ის საწყობებზეც. ეს ჯერ რუსულმა გამოცემა ASTRA-მ და მონიტორინგის უკრაინულმა არხმა Exilenova+-მა დაწერეს და მოგვიანებით კომპანიამაც დაადასტურა.
Wildberries-ის ინფორმაციით, სამრეწველო ზონის ტერიტორიაზე საჰაერო შეტევის შედეგად კომპანიის ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, პერსონალი ევაკუირებულია.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში კომპანია Wildberries-ის საწყობებზე შეტევა 18 ივლისიდან დაიწყეს. დარტყმა იყო უკვე 20-ზე მეტ ობიექტზე.
- რუსული Forbes-ის დათვლით, მხოლოდ ივლისში Wildberries-მა თავისი საწყობების მინიმუმ 17% დაკარგა, ზარალი კი დაახლოებით 280 მილიარდი რუბლი იყო.
radiotavisupleba ახალი ამბები