რუსეთის კრასნოდარის მხარეში სკოლის მასწავლებლებს აიძულებენ იმორიგეონ ბენზინგასამართ სადგურებზე, რათა საწვავის დეფიციტის ფონზე მძღოლები დაამშვიდონ ხოლმე. ამ შინაარსის დავალება სკოლებში გაგზავნა დინსკის რაიონის ადმინისტრაციამ. პედაგოგები შვებულების პერიოდში ბენზინგასამართ სადგურებთან უნდა მივიდნენ და წესრიგს უნდა გაუწიონ მეთვალყურეობა. ამისათვის მათ უფასოდ მიაწვდიან ჩაისა და ყავას.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ამ დავალებამ აღშფოთება გამოიწვია სოციალურ ქსელებში, მათ შორის მასწავლებელთა მხრიდან. "ჩვენ, ახალგაზრდა მასწავლებლები 50 კილოგრამსაც არ ვიწონით, და ბენზინგასამართ სადგურებზე ახლა გაბოროტებული ხალხი უნდა დავაშოშმინოთ. უფასოდ და სავალდებულოდ - თორემ იქნება კითხვები და ღმერთმა ნუ ქნას გათავისუფლებები!" - წერს ერთი პედაგოგი.
მედიასაშუალება "ჟივაია კუბანი" დაუკავშირდა დინსკის რაიონის ადმინისტრაციას, სადაც ბენზინის სადგურებზე მასწავლებლების მორიგეობა არ უარყვეს, თუმცა განაცხადეს, რომ პედაგოგები - მხოლოდ კაცები - თავად მიდიან სამორიგეოდ.
ჩინოვნიკები ფსკოვის ოლქშიც ეძებენ "მოხალისეებს" საწვავის სადგურებზე სამორიგეოდ. მოხალისეებმა მძღოლებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია საწვავის გაცემის წესებზე და რიგების წესრიგს უნდა უხელმძღვანელონ.
რუსეთში საწვავის კრიზისი ივნისში დაიწყო. დეფიციტი და სადგურებთან რიგებია თითქმის ყველა რეგიონში, ასევე რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ყირიმში და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთის თითქმის ყველა რეგიონში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები მოქმედებს, ხელისუფლებამ აკრძალა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი. Reuters-ის მონაცემებით, რუსეთში ბენზინის წარმოება ამჟამად აკმაყოფილებს სეზონური მოთხოვნის მხოლოდ 65 პროცენტს.
კრიზისის ფონია უკრაინის მხრიდან განხორციელებული დარტყმები რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოებსა და ნავთობის სხვა ინფრასტრუქტურაზე.

3 hours ago
7







English (US) ·
Georgian (GE) ·