რუსეთის ხელისუფლებამ შეცვალა თანხის ერთჯერადად გადახდის წესი თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებისთვის, უკრაინის ომში მონაწილეობის მიზნით.
28 დეკემბრით დათარიღებულ ახალ ბრძანებაში, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც კონტრაქტის გაფორმების მომენტში საპატიმროებში იხდიან სასჯელს, კარგავენ ამგვარი ანაზღაურების მიღების უფლებას. ახალი წესი 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
მსჯავრდებულები, რომლებიც კონტრაქტებს გააფორმებდნენ, ამ დრომდე იღებდნენ ერთჯერად ანაზღაურებას, რომლის მოცულობაც განისაზღვრებოდა ფედერალური და რეგიონული პროგრამებიდან გამომდინარე.
მიმდინარე წლის ივლისში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ანაზღაურების თანხად 400 ათას რუბლს (დაახლოებით 3700 ამერიკული დოლარი) აწესებდა სამხედრო მოსამსახურეებისთვის. ამავდროულად, ბევრ რეგიონში მოქმედებდა დამატებითი ანაზღაურება და მხარდაჭერის სხვა ზომები.
კონტრაქტის გაფორმების გზით სისხლის სამართლებრივი დევნისგან გათავისუფლების შესაძლებლობა მსჯავრდებულებმა მიიღეს 2023 წელს. 2024 წლის მარტში რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო კანონების პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას შესაძლებელს ხდიდა ეჭვმიტანილთათვის, ბრალდებულთათვის და მსჯავრდებულთათვის მცირე და საშუალო სიმძიმის დანაშაულებში.
თავიდან მსჯავრდებულების ომში გაწვევა დაიწყო აწ გარდაცვლილი ევგენი პრიგოჟინის გასამხედროებულმა ჯგუფმა, "ვაგნერმა". შემდეგ ამ პროცესს თავდაცვის სამინისტრო ჩაუდგა სათავეში.
როგორც წესი, მსჯავრდებულებს გზავნიან ფრონტის ყველაზე რთულ არეალებში, რათა მაქსიმალურად შეინარჩუნონ ელიტური დანაყოფების ძალები. თავად ყოფილი პატიმრები თვლიან, რომ მათ შორის, ვისაც კოლონიებიდან გზავნიან ფრონტზე, 50-დან 70 პროცენტამდე იღუპება.
ომიდან დაბრუნებული მსჯავრდებულების მხრიდან ხშირია დანაშაულის ისევ ჩადენის შემთხვევები. ინტერნეტგამოცემა Vyorstka იუწყება, რომ 2022 წლის თებერვლიდან 2024 წლის სექტემრამდე რუსეთის 460-ზე მეტი მოქალაქე გახდა უკრაინიდან დაბრუნებული მსჯავრდებულების მსხვერპლი, ამ დანაშაულთაგან 242 შემთხვევა მკვლელობა იყო.