რუსეთში პუტინის მმართველობა დიდი ალბათობით, კიდევ ექვსი წლით გახანგრძლივდება

2 months ago 40

რუსეთის მოქალაქეები დღეს დილიდან საარჩევნო უბნებისკენ გაეშურნენ. 15 მარტს დაწყებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც რუსეთში დემოკრატიული ნორმების დარღვევით მიმდინარეობს, სამი დღე გაგრძელდება.

თითქმის სრულიად გარანტირებულია, რომ ეს არჩევნები ვლადიმირ პუტინს კიდევ ექვსი წლით გაუხანგრძლივებს მსოფლიოს უდიდესი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს სათავეში ყოფნას.

უკრაინაში ომის ფონზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სისხლიანი კონფლიქტია, რუსეთის პოლიტიკურ არენაზე კრემლის 71 წლის ბელადი დომინირებს და საარჩევნო ბიულეტენში შეყვანილი სამი სხვა კანდიდატიდან არცერთი, მისთვის არანაირ გამოწვევას არ წარმოადგენს.

დანარჩენი კანდიდატები არიან: დუმის კომუნისტი დეპუტატი ნიკოლაი ხარიტონოვი, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ლეონიდ სლუცკი და დუმის ვიცე-სპიკერი პარტიიდან „ახალი ხალხი“ ვლადისლავ დავანკოვი. დასავლეთში თვლიან, რომ ისინი მხოლოდ სიმბოლურ როლს თამაშობენ. არცერთი მათგანი პუტინს არ აკრიტიკებს და არც უკრაინაში ომის წინააღმდეგ არ გამოდის.

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა პოლიტიკოს ბორის ნადეჟდინს და ჟურნალისტ ეკატერინა დუნცოვას. ეს ორი უკრაინაში რუსეთის შეჭრას აკრიტიკებდა.

კრემლი საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მოსკოვის მიერ „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომელთა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს მინიჭებული. რუსეთი თავის „ტერიტორიას“ უწოდებს უკრაინაში ოკუპირებულ რეგიონებს - დონეცკს, ლუჰანსკს, ხერსონს, ზაპორიჟიეს და ყირიმსაც. საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ არჩევნების ჩატარებას.

კრემლი ამბობს, რომ პუტინი, რომელიც 1999 წლის ბოლო დღიდან პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი იყო, გაიმარჯვებს, რადგან რუსეთის პოსტსაბჭოთა ქაოსიდან გამოყვანისთვის და როგორც თვითონ აცხადებს - ქედმაღალი, მტრული დასავლეთისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ის ფართო მხარდაჭერით სარგებლობს.

არჩევნები უკრაინაში მიმდინარე ომის ჩრდილშია მოქცეული. რუსეთს ჯარში მილიონზე მეტი კაცი ჰყავს მობილიზებული და რამდენიმე ასეული ათასი ჯარისკაცი, უკრაინის 1000 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე იბრძვის.

სრულად წაკითხვა