გასული ღამის განმავლობაში და გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის რეგიონებში.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული რაკეტებითა და დრონებით შეტევისა და სხვადასხვა ობიექტის დაზიანების შესახებ განაცხადა.
სამარის ოლქი
15 სექტემბერს დილით სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებულია ერთ-ერთი საწარმო და რამდენიმე სახლი, მსხვერპლი არ არის.
გუბერნატორს არც შეტევის ადგილი დაუკონკრეტებია და არც საწარმო.
მონიტორინგის უკრაინული არხების(Supernova+, Exilenova+) ცნობით, სამარის ოლქში შეტევა იყო ქალაქ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
ეს ინფორმაცია თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადასტურა რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემამ ASTRA.
- სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ სტრუქტურაშია და წელიწადში 8,5 მილიონ ტონამდე ნავთობის გადამუშავება შეუძლია, უკრაინის თავდაცვის ძალებმა არაერთი შეტევა მიიტანეს 2024-2025 წლებში და 2026 წლის გაზაფხულსა და ზაფხულშიც.
- ქარხანამ არაერთხელ შეაჩერა ნავთობის გადამუშავება.
როსტოვის ოლქი
15 სექტემბერს დილით, როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ღამით „მასირებული სარაკეტო შეტევა“ იყო ქალაქ ტაგანროგზე, სადაც დაზიანებულია ხუთი სახლი, სასაწავლო დაწესებულება, კომერციული შენობა, გაზის მილი, აგროსაწარმოების საწყობები და ონლაინ-ვაჭრობის კომპანია Ozon-ის საწყობი.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში 2026 წლის ზაფხულიდან დაიწყეს შეტევა ონლაინ-ვაჭრობის კომპანიების, Wildberries-ის და Ozon-ის საწყობებზე.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის თანახმად, ღამის განმავლობაში რეგიონზე საჰაერო შეტევის მოგერიებისას ქალაქ ტაგანროგში და ოლქის კიდევ ცხრა რაიონში განადგურებულია 30-ზე მეტი რაკეტა და დრონი.
სლიუსარმა რაიონებს შორის დაასახელა მილეროვო. ამ რაიონში რუსეთის სამხედრო აეროდრომია, რომელიც არაერთხელ იყო უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნე
- უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე შეტევებს უწოდებს ომის გადატანას იქ, საიდანაც ეს ომი მოვიდა.
- რუსეთი ამ დარტყმებს „ტერორისტულ შეტევად" განიხილავს.
radiotavisupleba ახალი ამბები