რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნის სიახლოვეს, ზეთისხილის ხესთან დააკავეს შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი.
როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტს უთხრა ადგილზე მყოფმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, ის, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვისაა დაკავებული.
რადიო თავისუფლება ცდილობს გაარკვიოს, რა მუხლით არის დაკავებული უფლებადამცველი.
გია ჯვარშეიშვილი დაკავებული იყო ერთი თვის წინაც. ის სამართალდამცავებმა დეკემბრის დასაწყისში, რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე დააკავეს. უფლებადამცველი რადიო თავისუფლებას უყვებოდა, რომ დაკავებისას მას გამეტებით სცემეს, მანქანაში, გრძელ სკამებს შორის დააგდეს და ფეხებით შედგნენ. გია ცდილობდა სკამის ქვეშ შემძვრალიყო, რომ როგორმე სახე დაეცვა, მაგრამ ზემოდან, ისეთი ძალით ურტყამდნენ ფეხსაცმლის ძირს, რომ აცილება შეუძლებელი იყო.