რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი რეაბილიტაციის გამო სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე თვით ‘სრულად შეიზღუდება’  

5 days ago 26

რუსთაველის გამზირზე 23 ივლისიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, რის გამოც სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე თვით ‘სრულად შეიზღუდება’. სამუშაოები, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ 21 ივლისს.

მისივე თქმით, სამუშაოები 23 ივლისის 00:00 საათზე დაიწყება, რა დროიდანაც რუსთაველის გამზირზე და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. 

„სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას, სულ ორ კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს“, – განაცხადა კალაძემ. „პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების განახლება – შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები. ასევე, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში. დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც. ამასთანავე, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი. სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება თანამედროვე LED განათების სისტემა“.

კალაძის თქმით, „რუსთაველის გამზირი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას სიამაყის განცდა ჰქონდეთ“.  

„რუსთაველის გამზირი არის ჩვენი დედაქალაქის სავიზიტო ბარათი როგორც ვიზუალური, ისე ისტორიის თვალსაზრისით. გამზირი, რომელსაც უნახავს არაერთი სიხარული, გამარჯვება, ტკივილი თუ მწუხარება, აუცილებლად უნდა იყოს ისეთი მოწესრიგებული და თანამედროვე, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს სიამაყის განცდა“, – დასძინა მან. 

კალაძემ აღნიშნა, რომ აქამდე აღნიშნული რეაბილიტაციის დაწყება ვერ ხერხდებოდა, რადგან კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობა არ მიიღეს. 

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა