WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

4

რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა. თბილისის მერიასა და პროექტის კონტრაქტორ კომპანია „სმარტ სოლუშენსს“ შორის 30 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების ცვლილებით, სამუშაოების შესრულების ვადა 100-დან 130 კალენდარულ დღემდე გაიზარდა. მიზეზად მითითებულია “რიგი გაუთვალისწინებელი მოვლენები და ნალექები”. გახანგრძლივება შეეხო რეაბილიტაციის სამივე მონაკვეთს.

30 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულების ცვლილებაში ვადის გახანგრძლივების მიზეზად კომპანია რამდენიმე გარემოებას ასახელებს. მათ შორისაა სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლენილი გაუთვალისწინებელი ფაქტორები, რომლებმაც საპროექტო გადაწყვეტილებების შეცვლისა და სამუშაოების მოცულობის გაზრდის აუცილებლობა წარმოშვა. დოკუმენტის მიხედვით, სამუშაო პროცესს ასევე აფერხებდა სხვადასხვა კომუნიკაციის კომპანიის მიერ საკუთარ ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„სამუშაოების წარმოების პროცესში გამოვლინდა რიგი გაუთვალისწინებელი ფაქტორები, რამაც წარმოქმნა საპროექტო გადაწყვეტებში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა და გაზარდა შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობები; საპროექტო ობიექტზე საკუთარი ქსელების რეაბილიტაციას ახორციელებდა არაერთი კომუნიკაციის კომპანია, რაც შპს „სმარტ სოლუშენსს“ უზღუდავდა ერთიანი სამუშაო ფრონტის არსებობას და წარმოადგენდა მნიშვნელოვან შემაფერხებელ გარემოებას“, – ნათქვამია ხელშეკრულების ცვლილებაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია უამინდობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 აგვისტოდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში 29 ნალექიანი დღე დაფიქსირდა. მხარეების შეფასებით, უამინდობა სამუშაოების შესრულებას ზღუდავდა არა მხოლოდ ნალექიან დღეებში, არამედ მომდევნო დღეებშიც.

შესაბამისად, ხელშეკრულების ახალი რედაქციით, „სმარტ სოლუშენსმა“ სამუშაოები წერილობითი დავალების მიღებიდან 130 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს. კომპანიას ასევე დაევალა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადის 2027 წლის 29 იანვრამდე გაგრძელება.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას „სმარტ სოლუშენსი“ სამუშაოების შესრულების პირობების დარღვევისთვის არაერთხელ დაჯარიმდა. მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი დარღვევები, მათ შორის, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმის შეუსრულებლობას ეხებოდა.

„სმარტ სოლუშენსი“ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების სამივე ლოტზე მუშაობს, ხოლო კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 19.8 მილიონ ლარს შეადგენს. პარალელურად, გამზირზე წყალმომარაგების, კანალიზაციისა და გაზმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს.(ბიემჯი)