რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი იაკობ გულედანი გარდაცვლილი იპოვეს, განაცხადა ტელეკომპანია პირველმა 4 ოქტომბერს ნათესავზე დაყრდნობით. მართალია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ გულედანი თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, მისი ოჯახი ამ ვერსიას არ ეთანხმება.
პატიმრის დეიდამ, ვალიდა გულედანმა, ტელეკომპანია პირველს განუცხადა, რომ ოჯახს მისი გარდაცვალების შესახებ 2 ოქტომბერს შეატყობინეს. მისი თქმით, მას არ სჯერა, რომ პატიმარმა თავი მოიკლა, რადგან მან დაახლოებით 3.5 წელი გაატარა ციხეში და მისი პატიმრობის ვადა რამდენიმე თვეში უნდა დასრულებულიყო. დეიდამ ასევე აღნიშნა, რომ მას სხეულზე, სავარაუდოდ, ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.
ტვ პირველის რეპორტაჟის გავრცელებიდან მალევე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა“. უწყების თქმით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ „მყისიერად ეცნობა“ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას და დაიწყო გამოძიება.
„აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული 2023 წლიდან (სასჯელის დასრულების თარიღი – 2028 წელი) იმყოფებოდა მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდიდა 20-კაციან საკანში. გარდაცვალების დღესაც, ვინაიდან შემთხვევა მოხდა დილის საათებში, მისი თანამესაკნეები იმყოფებოდნენ საკანში“, – ნათქვამია განცხადებაში.
პენიტენციური სამსახურის თქმით, ის „აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან და გამოძიებისთვის უკვე მიწოდებულია საქმესთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი მასალა“.
This post is also available in:
civil ახალი ამბები