WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.

ძაღლი რუსთავიდან თბილისში, ვეტერინარულ კლინიკაში იყო გადმოყვანილი და როგორც სააგენტო ამბობს, ის მოკვდა.

„მოქალაქის განმარტებით, მან ძაღლი იპოვა 8 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სკვერში, საიდანაც იმავე დღეს გადაიყვანა ერთ-ერთ კლინიკაში, ხოლო შემდეგ – სხვა კლინიკაში. ამავე დროს, სოციალურ ქსელსა და მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია დაკარგული ძაღლის შესახებ“, – წერია განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ქალაქ რუსთავის მოსახლეობას – ყველამ, ვისაც 30 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის პერიოდში ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სკვერსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდა შავი ფერის ძაღლთან, რომელსაც ყელის არეში თოკი ჰქონდა შებმული, დაუყოვნებლივ მიმართოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამის სამსახურს ან სამედიცინო დაწესებულებას კონსულტაციისა და შემდგომი მოქმედებების განსაზღვრის მიზნით.

„სააგენტოს ინფორმაციით, ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდა ათეულობით ადამიანს, მათ შორის, რუსთავისა და თბილისის ვეტერინარული კლინიკების პერსონალს (კლინიკები: ზოოპლაზა – თბილისი, კოსტავას ქუჩა, ვეტჰაუსი – მიცკევიჩის 70 და რუსთავი – ვეტ სითი), რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებას უკვე მიმართეს. აღნიშნულ კლინიკებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები“, – წერია განცხადებაში.

სააგენტო მოქალაქეებს სთხოვს, დროულად მიმართონ რაბიოლოგს.