WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ 2 000-ზე მეტი მებრძოლი მონაწილეობს, განაცხადა ოკუპირებულ რეგიონში განლაგებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის წარმომადგენელმა, არტემ აბრამოვმა.

აბრამოვმა ეს განცხადება 28 სექტემბერს, „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ გამართულ მრგვალ მაგიდაზე გააკეთა. ღონისძიება თემას „რუსეთის როლი სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარების უზრუნველყოფაში“ ეძღვნებოდა და მასში უნივერსიტეტის სტუდენტები და რუსული სამხედრო ბაზის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„სამხრეთ ოსეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო ოპერაციაში“, – იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ აბრამოვის სიტყვებზე დაყრდნობით. მან აღნიშნა, რომ რეგიონიდან წასული მოხალისეები დონბასში 2014 წლიდან იბრძოდნენ და მას შემდეგ მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. „სამხრეთ ოსეთიდან 2 000-ზე მეტი მებრძოლი იბრძვის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ბევრმა მათგანმა რუსული სამხედრო ორდენები და მედლები მიიღო.

აბრამოვმა ასევე განაცხადა, რომ ომის „გამარჯვებით“ დასრულებას დადებითი გავლენა ექნებოდა სამხრეთ კავკასიაზე.

ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან მოხალისეებისა და სამხედრო მოსამსახურეების რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში მონაწილეობის შესახებ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველი კვირებიდანვე ვრცელდებოდა. 2022 წლის მარტში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ხდებოდა დაქირავებული მებრძოლების მობილიზება ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ორი ოკუპირებული რეგიონიდან უკრაინაში დაახლოებით 2 000 სამხედრო გადაიყვანა, მათ შორის „სამხრეთ ოსეთის“ სამხედრო მოსამსახურეებიც. შეჭრის პირველ თვეებში ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია ოსი მებრძოლების რიგებში დანაკარგების შესახებ.

This post is also available in: English