WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი ქალის სასტიკი ცემისთვის 36 წლის ახრა კვეკვესკირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მას ბრალად ედება რუსეთის ქალაქ ჩერკესკიდან ჩამოსული 37 წლის ქალისთვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

ინციდენტი 2 აგვისტოს, სოხუმში მდებარე კაფე-ბარ „ნემოსთან“ მოხდა, სისხლის სამართლის საქმისა და სასამართლოს მიერ კვეკვესკვირის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია კი აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 აგვისტოს გაავრცელა.

რუსულ მედიას უწყების ხელმძღვანელმა რობერტ კიუტმა განუცხადა, რომ ბრალდებული „კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“.

არსებული ინფორმაციით, კვეკვესკვირს რუსი ტურისტის გაცნობა სურდა, უარის მიღების შემდეგ კი კონფლიქტი წამოიწყო და ფიზიკური ძალა გამოიყენა.

დაზარალებულმა ქალმა სხვადასხვა სახის ტრავმა მიიღო, მათ შორის ზედა და ქვედა კიდურების ჰემატომები და ნაკაწრები, სახის ჭრილობები, ტვინის შერყევა და დახურული ქალა-ტვინის ტრავმა.

დაზარალებულის ახლობლების თქმით, საავადმყოფოში ქალთან მივიდნენ პირები, რომლებიც სთხოვდნენ, სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მიემართა და აფხაზეთი რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინა.

ინციდენტის მომენტში კვეკვესკირი სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც იყო ბრალდებული და შინაპატიმრობაში უნდა ყოფილიყო - მას ადამიანის გატაცებას, გამოძალვას, ძარცვასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვას ედავებიან.