პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტი 10 მაისს დანიშნულ სხდომაზე ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავს.

რუსული კანონის განხილვა კი, მისივე ინფორმაციით, 13 მაისს გაიმართება.

„პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან. ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით.

გამჭვირვალობის კანონპროექტს კი განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს.

ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას“, – წერს ოხანაშვილი “ფეისბუქის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარასკევს, უქმე დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა და შესაძლებელი იყო, სწორედ ამ დღეს მიეღო ოცნებას რუსული კანონი მესამე მოსმენაზე.