რუსული დეზინფორმაციის საფრთხე ქვეყანაში – MDF-ის კვლევა

1 hour ago 2

როგორ ვრცელდება საქართველოში ყალბი და მანიპულაციური შინაარსის ინფორმაცია – მედიის განვითარების ფონდმა (MDF) მედიის მოხმარებისა და დეზინფორმაციის შესახებ უახლესი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყანაში ინფორმაციული გარემოს სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს.

კვლევის ავტორების შეფასებით, დეზინფორმაცია საქართველოში სისტემურ ხასიათს ატარებს და აქტიურად ვრცელდება როგორც სოციალური ქსელების, ისე ტელევიზიის მეშვეობით. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოციალურ მედიას ასახელებს ყალბი ინფორმაციის მთავარ წყაროდ, ხოლო ყოველი მესამე – ტელევიზიას. ამავე დროს, მოქალაქეთა უმრავლესობა საეჭვო ინფორმაციას საერთოდ არ ამოწმებს, რაც დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის.

მკვლევრები ასკვნიან, რომ დეზინფორმაციული ნარატივების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ და იდენტობაზე დაფუძნებულ თემებზე არის აგებული და საზოგადოებრივ ემოციებზე მანიპულაციით ცდილობს გავლენის მოხდენას. კვლევის შედეგებით, მოქალაქეთა მეოთხედი მთავარ დეზინფორმაციის გამავრცელებლად პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ასახელებს.

ანგარიში მიუთითებს, რომ პროპაგანდისტული გზავნილები ხშირად ატარებს რუსული საინფორმაციო ხელწერის ნიშნებს – ანტიდასავლურ რიტორიკას, კონსპირაციულ თეორიებსა და შიშზე დაფუძნებულ გზავნილებს. ამასთან, კვლევაში ცალკე ყურადღება ეთმობა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად, მათ შორის პოლიტიკოსების სახელით გაკეთებულ ყალბ სატელეფონო ზარებსა და გაყალბებულ აუდიო-ვიზუალურ მასალებს.

მკვლევრებმა კიდევ ერთ საგანგაშო ტენდენციაზეც გაამახვილეს ყურადღება – საქართველოში ჩინური გავლენების მზარდი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც საინფორმაციო მანიპულაციის მრავალპოლუსიან ხასიათზე მიუთითებს და ქვეყნის მედია გარემოს კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის.

კვლევის დასკვნით, დეზინფორმაციის მიმართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები არიან ხანდაზმული ადამიანები, რეგიონების მოსახლეობა და დაბალი განათლების მქონე მოქალაქეები, ხოლო მედიის მიმართ ნდობის დაბალი დონე და ფაქტების გადამოწმების სუსტი პრაქტიკა პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს.

სრულად წაკითხვა