„რუსული კანონის“ განხილვიდან მე-8 დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილიც გააძევეს

2 weeks ago 12

„რუსული კანონის“ მეორე საკომიტეტო მოსმენიდან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის გააძევეს.

ლევან ხაბეიშვილი მერვე ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელიც დარბაზიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გააძევა.

ლევან ხაბეიშვილი „ქართუს“ გაუმჭვირვალობაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შემოსავლები არ გაუსაჯაროებია, რა დროსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მას სიტყვა ჩამოართვა.

„მუხლთან დაკავშირებით დასვით კითხვა. ბიძინა ივანიშვილს რაში ედრებით, 2 მილიარდ ევროზე მეტი და ლარზე მეტი აქვს დახარჯული, უფრო სწორად 6 მილიარდ ლარამდე აქვს დახარჯული. თქვენ რამდენი ლარი გაქვთ დახარჯული ჩვენი ქვეყნისთვის? ჩამოგერთვათ სიტყვა, რადგან გადახვედით პოლიტიკურ განცხადებებზე“, — მიმართა ანრი ოხანაშვილმა ლევან ხაბეიშვილს, შემდეგ კი ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

მანამდე, სხდომათა დარბაზიდან გააძევეს დეპუტატები: ანი წითლიძე, ქეთი თურაზაშვილი, თაკო ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი.

„რუსული კანონის“ მეორე საკომიტეტო განხილვა, რომელიც 09:00 საათზე დაიწყო, ხმაურიან რეჟიმში მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დეპუტატებს სიტყვას აწყვეტინებს და მიკროფონს უთიშავს თუ მისი შეფასებით, გამოსვლის მიზანი კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით კითხვის დასმა არაა.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

საზოგადოებისთვის რუსული კანონის სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.

სრულად წაკითხვა