რუსული კანონის განხილვიდან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც გააძევეს

2 weeks ago 11

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, რუსული კანონის განხილვისას, 11 დეპუტატის გაძევების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გააძევეს. კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჯერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია, შემდეგ კი „ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი გააძევა.

ლიკა საჯაია ცდილობდა დაესვა კითხვა, რატომ არის უფრო მეტად საფრთხის შემცველი ევროპიდან დაფინანსებული ორგანიზაცია, ვიდრე რუსეთიდან მომდინარე ფინანსები.

ოხანაშვილმა ლიკა საჯაია ჯერ რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა და მიკროფონი გაუთიშა. ოხანაშვილის თქმით, მსგავსი შინაარსის კითხვის დასმა მხოლოდ პირველ მოსმენაზეა შესაძლებელი, დღეს კი კომიტეტი რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავს.

„ძალიან უნამუსო ადამიანი ხართ“ — ისმის ლიკა საჯაიას ხმა, რის შემდეგად ოხანაშვილმა მას უზრდელი უწოდა და „დეპუტატისთვის შეურაცხყოფის მიყენებისთვის“ დარბაზი დაატოვებინა.

„რეგლამენტის დარღვევისთვის“ გაუთიშა მიკროფონი ოხანაშვილმა „ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ ხელმძღვანელს, ნათია კუპრაშვილსაც, შემდეგ კი ისიც გააძევა დარბაზიდან.

მას შემდეგ, რაც ოხანაშვილმა იგივე საბაბით საუბრის საშუალება არ მისცა „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელ ლაშა ტუღუშს, მან კომიტეტის სხდომა საკუთარი ნებით, პროტესტის ნიშნად დატოვა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვისას ანრი ოხანაშვილმა დღეს, 29 აპრილს, 11 დეპუტატი გააძევა დარბაზიდან. კომიტეტის თავმჯდომარე განხილვაში მონაწილეებს გამუდმებით აწყეტინებდა სიტყვას, უთიშავდა მიკროფონს და არ აძლევდა აზრის გამოთქმის, კითხვის დასმის თუ დაზუსტების საშუალებას.

სრულად წაკითხვა