რუსული კანონის საკომიტეტო განხილვიდან თამარ კორძაიაც გააგდეს

2 weeks ago 15

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან, რომელზეც რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს დეპუტატი თამარ კორძაიაც გააგდეს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე ანრი ოხანაშვილმა დეპუტატს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა და მიკროფონი გამოურთო:

„ქალბატონო თამარ, თვენ რა გგონიათ სიტყვა მიზანს რომ გამოიყენებთ, რომელიც პირველ მუხლშია გამოყენებული ეს რას ნიშნავს, რომ პირველ მუხლს უკავშირებთ საკითხს? სიტყვა ჩამორთმეულია,“ — უთხრა ოხანაშვილმა კორძაიას.

„არ გრცხვენია მართლა? კითხვა დამასმევინე“ — უთხრა კორძაიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს რის შემდეგაც სავარაუდოდ უმრავლესობის ერთ-ერთ დეპუტატს გაჩუმებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც ანრი ოხანაშვილმა ისიც გააძევა სხდომათა დარბაზიდან.

დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ კორძაიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა. დეპუტატის თქმით, როგორც კი ოპოზიციონერი დეპუტატები ცდილობენ კითხვა კვალიფიციურად დასვან, უმრავლესობის დეპუტატები მათ თავს ესხმიან:

„შემთხვევით არ ვამბობ ამ სიტყვას, ესენი არიან ბიძინას მგზავრები, რომლებსაც მიჰყავთ საქართველო რუსეთში. თუ უყურებდით ვინმე ლაივს ძალიან კარგად ჩანდა რომ ვახდენდი ციტირებას, ვუთითებდი რომ ისინი არღვევენ კანონს, მაგრამ არ მოსწონთ. დავალება აქვთ თითო თითოდ გამოგვყარონ, რადგან 8 საათზე მათი მოყვანილი ცხვრები უნდა გაართონ.

ისინი არიან ბიძინას მგზავრები და ეს ტრანსპორტი მიდის რუსეთში. დღეს ვინც მოვა ყველა არის ის ადამიანი, ვისაც უნდა ეს ქვეყანა წავიდეს რუსეთში. ოდნავ მაინც თუ დასვამ კვალიფიციურად კითხვას თავს გესხმის ყველა და გაძევებენ დარბაზიდან,“ — ამბობს თამარ კორძაია.

მანამდე, ანრი ოხანაშვილმა დაბაზიდან გააძევა დეპუტატები გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილიც, სხვა დეპუტატებს კი არაერთხელ გამოურთო მიკროფონი და შეაწყვეტინა სიტყვა.


რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა