რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი გაათავისუფლეს

2 weeks ago 13

ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ის გუშინ, 28 აპრილს, პარლამენტთან მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.

როგორც გათავისუფლების შემდეგ პეტრიაშვილმა განაცხადა, ის უსაფუძვლოდ და უკანონოდ დააკავეს.

„რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, არსებულ სიტუაციაში სრულიად მოულოდნელად, სრულიად გაუგებარ სიტუაციაში მოხდა ჩემი დაკავება. მიუხედავად იმისა, რომ კადრებში არის ასახული ჩემი მცდელობა, რომ სიტუაცია ნორმალიზებისკენ და მოწესრიგებისკენ ყოფილიყო მიმართული, ამ ვითარებაში მოხდა ჩემი დაკავება, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი, უკანონო და უსაფუძვლო იყო,“ – აცხადებს პეტრიაშვილი ჟურნალისტებთან.

ამასთან პეტრიაშვილის თქმით, მისი დაკავების ოქმის შედგენის პროცესში ისეთი სამართალდამცავები მონაწილეობდნენ, რომლებიც მისი დაკავების მომენტში ადგილზეც კი არ ყოფილან.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევის გამო, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, პეტრიაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესი პირველ მაისს გაიმართება.

ალექსი პეტრიაშვილი 2012-14 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. ამჟამად კი „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარია.

სრულად წაკითხვა