რუსული კანონისადმი პროტესტის ნიშნად, ახალციხის მერიის მრჩეველთა საბჭო ორმა წევრმა დატოვა

7 months ago 9

ახალციხის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ორმა წევრმა რუსული კანონისადმი პროტესტის ნიშნად დატოვა. „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელმა ჯაბა ნათენაძემ და მესხეთის სახელმწიფო თეატრის მსახიობმა მანუჩარ გოგოლაურმა 25 და 26 აპრილს განაცხადეს, რომ რუსული კანონისადმი თვითმმართველობის მხრიდან გამოცხადებული მხარდაჭერის პირობებში, ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის აზრს ვერ ხედავენ.

„მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, როგორც შემიძლია, ჩემს კუთხეს და ქვეყანას ვემსახურები, რაც არ უნდა ეცადონ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდები ღირსების შემლახავ რეესტრში, როგორც უცხოური ქვეყნის ინტერესების გამტარებელი. მე მხოლოდ ერთი ქვეყნის საქართველოს ინტერესს ვატარებ და ასე იქნება სიცოცხლის ბოლო წუთებამდე,“ — დაწერა ჯაბა ნათენაძემ სოციალურ ქსელში 25 აპრილს.

„დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენლისთვის გადამწყვეტია, რომ კანონპროექტი მხოლოდ რუსეთისთვის არის მოსაწონი, მაშინ, როცა ყველა მეგობარი ქვეყანა მოგვიწოდებს კანონის არმიღებისკენ. კანონისა, რომლის მიღებაც შესაძლოა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივის დაკარგვად და რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენად დაუჯდეს.

„მანამ, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს, მსგავს ფორმატში თანამშრომლობის აზრს ვერ ვხედავ. ხვალვე მივმართავ წერილით ბატონ მერს,“ — წერს ჯაბა ნათენაძე.

„დღეს, რასაც მე ვუყურებ, იმის ნაცვლად, რომ არჩეულმა ხელისუფალმა ადგილობრივ დონეზე იმუშაოს ადამიანების პრობლემების მოგვარებაზე, გადათხრილი გზების გაკეთებაზე, სოფლების გაზიფიცირებაზე, ინფორმაცია გვაქვს, რომ მთელი რესურსი დაკავებულია სიების შედგენით, ხალხის თავების თვლით, 29-ში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, საორგანიზაციო ამბებით.

ამ ფონზე ვერანაირი თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ვხედავ. იმ ფონზეც, სულ სხვაგან მიდის ჩვენი ქვეყანა ამ რაღაც რუსულ-ქართულ-ევროპული გაურკვეველი კანონის შემოტანით. ვერ ვხედავ თანამშრომლობის გაგრძელების აზრს ნებისმიერი სახით,“ — ამბობს მანუჩარ გოგოლაური TOK TV-სთვის მიცემულ კომენტარში.


მესამე კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა