ფილმების და სერიალების რუსულმა სტრიმინგ-სერვისმა „ამედიათეკამ“ ცენზურას დაუქვემდებარა ამერიკული სერიალი „ინტერვიუ ვამპირთან“.
დამოუკიდებელმა გამოცემა Вёрстка-მ გამოიკვლია განსხვავებები სერიალის ორიგინალურ, ინგლისურენოვან და რუსულად გახმოვანებულ ვერსიებს შორის.
სერიალის პირველივე სერიაში, ერთ-ერთი პერსონაჟი, ჟურნალისტი ამბობს, რომ როცა რედაქტორს უთხრა, რომ მსოფლიოში ყველაზე საშიშ ადამიანს ხვდება და ორი ვარიანტი შესთავაზა, მან უპასუხა, რომ ეს ბეზოსი(amazon-ის მფლობელი), ან პუტინია. რუსულად გახმოვანებულ ვარიანტში პუტინი მასკითაა(Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი) შეცვლილი.
ამავე დიალოგში ნახსენები პრასკოვეევკა, ანუ სოფელი, რომლის მახლობლად, კურორტ გელენჯიკში „პუტინის სასახლე“ მდებარეობს, შეცვლილია „მიყრუებული ადგილით“.
ამერიკული სერიალიდან ამოჭრეს ფრაზაც, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები (დონბასში) 2014 წლიდან პარტიზანულ ომს აწარმოებენ. ასევე სცენა, როცა ერთ-ერთი მთავარი გმირი მეორე მსოფლიო ომის დროს რუმინეთში იმყოფება და ამბობს ფრაზას, რომ საბჭოთა კავშირმა ნაცისტები შეცვალა და ომი ოკუპაციად იქცა. რუსული ვერსიიდან ამოღებულია კადრში, როცა საბჭოთა ჯარისკაცები კუბოებს ესვრიან.
ამერიკული სერიალის, „ინტერვიუ ვამპირთან“ რუსულად გახმოვანებულ ვერსიაში არ არის ჰომოსექსუალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული 20-ზე მეტი სცენაც.