,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:
,,ფანჯარაში ვიყურები, ცას ვაკვირდები, უმშვენიერესი მთების ბნელ კონტურებს, ვარსკვლავებს ვხედავ… თითქოს ყველაფერი ნორმალურად არის, პირად ტკივილებს თითქმის მივეჩვიეთ, როგორმე გავუძლებთ… მაგრამ მახსენდება, რომ ნელ-ნელა ჩვენს ქვეყანაში დიქტატურა ისადგურებს:
– საპროტესტო აქციაში მონაწილეობისა და ოთხი წუთით ქუჩაზე მოძრაობის შეფერხების გამო შეიძლება 5000 ლარიანი ჯარიმა გამოგიწერონ; თუ რომელიღაც პოლიციელს ლიდერად მოეჩვენე, 15 000 ლარს შეგატანინებენ ხაზინაში;
– თუ ერთხელ მაინც გაქვს დაკისრებული პასუხისმგებლობა, ნებისმიერ მიტინგზე გამოჩენისას შეიძლება 48 საათით უმიზეზოდ დაგაპატიმრონ. იტყვიან, პრევენციის მიზნით ჩავაგდეთ დილეგში, არაფერს აშავებდაო.
– სააკაშვილის საუკეთესო ტრადიცია აღდგა. დიდება უფალს! ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პატიმრობის ვადა 15 -დან 60 დღემდე გაიზარდა.
– თუ შალვა პაპუაშვილზე თქვი, რომ ის ველურია, უკულტუროა და საქართველოს არცხვენს, შენი დაჭერის უფლება ექნებათ.
– თუ ბიზნესმენთა ფედერაციის სხდომაზე პლაკატი გაშალე, გეტყვიან, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე გამართე აქცია შენობაშიო, და დაგიჭერენ.
– ღირსების ორდენით არის დაჯილდოვებული პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც კამერების წინ, ხუთი ადამიანის მიერ გაკავებულ და დაპატიმრებულ პროტესტანტს წიხლს ურტყამს, მომიტინგეებს რუპორიდან აგინებს, თავის ქვეშევრდომებს ეუბნება, რომ შეპყრობილ მოქალაქეებს დაანგრიონ ცხვირ-პირი, ოღონდ მოფარებულში, საჯაროდ არა! იგივე კაცი საღამოს მეუფე იობს ეამბორება ფაფუკ ხელზე და მისი ჭირისუფალი ხდება.
– უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა დაპატიმრებული პირების ცემა-ტყეპა. გუშინწინ ჩვენი თვალით ვნახეთ, როგორ ურტყამდნენ თავში პოლიციელთა ალყაში მოქცეულ ბიჭს სამართალდამცველები! შემდეგ კი პანღურების რტყმით როგორ ტენიდნენ ადამიანებს მანქანაში. გუშინ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსული 16 წლის დასისხლიანებული ბავშვიც ვნახეთ.
– მზია ამაღლობელს ციხეში კლავენ პოლიციელის “ცემის” გამო ((((
– ყველაზე შემზარავი ის არის, რომ ჩვენს გვერდით მრავალგზის დევნილი ადამიანები უბინაობისა და უსახსრობის გამო თავს იწვავენ და ეს თავგანწირვაც ვერაფერს ცვლის.
ამ დროს კი ტელევიზორში ლაპარაკობენ, თუ როგორი საშინელი ქვეყანაა გერმანია, ჩამორჩენილი!“