WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მალტაში დღეს, 24 ოქტომბერს, საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით 24-ე კონკურსი გაიმართება. საქართველოს სახელით სცენაზე „რანინას“ მეცხრე სეზონის გამარჯვებული, 10 წლის დავით ლომიძე გამოვა. ქართველი კონკურსანტი შეასრულებს სიმღერას „მზე სახურავებზე“ და მონაწილეთა შორის მე-15 ნომრად წარდგება.

კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მის ნახვას მაყურებელი საქართველოს პირველი არხის ეთერში შეძლებს.

დავით ლომიძის საკონკურსო სიმღერის კომპოზიტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტის ავტორი – ირინა სანიკიძე.

როგორ მივცეთ ხმა საქართველოს წარმომადგენელს

ონლაინ ხმის მიცემა უკვე დაწყებულია. დავით ლომიძის მხარდაჭერა საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან არის შესაძლებელი, ოფიციალურ ვებგვერდზე – jesc.tv.

ხმის მისაცემად საჭიროა:

  1. შეხვიდეთ ვებგვერდზე jesc.tv.
  2. უყუროთ მონაწილეთა სიმღერების მოკლე ვიდეოკოლაჟს და აირჩიოთ სამი ქვეყანა, მათ შორის, საქართველო.
  3. დაადასტუროთ არჩევანი ხმის მიცემის ღილაკზე დაჭერით.

პირველი ეტაპის ხმის მიცემა კონკურსის პირდაპირი ტრანსლაციის დაწყებამდე შეწყდება. თექვსმეტივე მონაწილის გამოსვლის შემდეგ ხმის მიცემა დაახლოებით 15 წუთით განახლდება, რაც მაყურებელს ხმის ხელახლა მიცემის შესაძლებლობას მისცემს.

გამარჯვებული მაყურებლისა და ჟიურის მიერ მინიჭებული ქულების ჯამით გამოვლინდება.

საქართველო საბავშვო ევროვიზიის ოთხგზის გამარჯვებულია: 2008, 2011, 2016 და 2024 წლებში.

მალტა საბავშვო ევროვიზიას მესამედ მასპინძლობს. საქართველომ მესამე გამარჯვება 2016 წელს სწორედ მალტაში მოიპოვა.

დღეს კი ქართველი მაყურებლის ყურადღება კვლავ მალტისკენ იქნება მიმართული – ვუგულშემატკივროთ დავით ლომიძეს და საქართველოს!

ნინო ხოშტარია

p. s. ვიდეორგოლი აჭარაშია გადაღებული, მასში ქორეოგრაფია გიორგი ტორიაშვილს ეკუთვნის.