საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად დაღუპული 5 მცირეწლოვანი ბავშვის ოჯახის წევრებს და ახლობლებს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს.
მისი სიტყვებით, ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით, მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე გამოწვევებს:
„სამწუხაროდ, ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგას საქართველოს არაერთი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიყენოს ყველა მის ხელთარსებული მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით“, - წერს სახალხო დამცველი.
სოფელ საბერიოში მომხდარს გამოეხმაურა და ოჯახს მიუსამძიმრა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც:
"არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს. ვიზიარებ ოჯახის და მათი ახლობლების მწუხარებას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
5 იანვარს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში გაჩენილ ხანძარს ერთი ოჯახის ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ჭოლარიების ოჯახში, ცეცხლი თავდაპირველად გაუჩნდა ძველ სადენებს იმ ოთახში, სადაც ბენზინი ინახებოდა.
მომხდარის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში 6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.