საბერძნეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ერთი – ახალგაზრდა ქალია

1 month ago 24

საბერძნეთში 2 აპრილს ჩატარებული საპოლიციო ოპერაციის დროს საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. ბერძნული მედიის ცნობით, დაკავებული ოთხი მამაკაცი და ერთი ქალი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებს, რომელთა ასაკი 33-იდან 44 წლამდე მერყეობს, 2021 წლის ნოემბრიდან ატიკის სხვადასხვა რაიონში სახლების გაქურდვა ედებათ ბრალად.

გამოძიების წინასწარი ვერსიით, სამიზნეს დაჯგუფების ლიდერი არჩევდა, რომელიც გასაძარცვ სახლებს ნიშნავდა, ერთ-ერთი წევრი საკეტების გახსნაზე მუშაობდა, ორი კი სიგნალიზაციის გათიშვას უზრუნველყოფდა და ზრუნავდა, რომ ძარცვის შემდგომ მტკიცებულებები არ დარჩენილიყო. რაც შეეხება ქალს, რომლის ასაკი, პოლიციის ცნობით, 33 წელია, იგი, ძირითადად, დამლაგებლად მუშაობდა და დაჯგუფების წევრებს სახლში არსებული მდგომარეობის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 370 ევრო ნაღდი ფული, დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა, მობილური ტელეფონები, სიმბარათები, კომპიუტერები. დაკავებულებს ჩამოართვეს, აგრეთვე, მათი კუთვნილი ავტომობილი და მოტოციკლი.

პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილებმა მთლიანობაში 16 სახლის გატეხა და 700 ათას ევრომდე ღირებულების ნივთების მოპარვა ედებათ ბრალად.

გამოძიება გრძელდება.

ნანა ძნელაძე

სრულად წაკითხვა