„საბოტაჟის გზით სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობა“ - კალაძე ისევ ეხმაურება მერიის თანამშრომელთა განცხადებას

2 weeks ago 14

თბილისის მერი, კახა კალაძე 4 დეკემბერს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ ეხმაურება თბილისის მერიის თანამშრომელთა საერთო განცხადებას, სადაც წერია, რომ ხელმომწერები ემიჯნებიან საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს.

კახა კალაძე ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელეების საბოტაჟის გზით სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობას. მისი თქმით, ეს სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო:

„ჩვენ ვიხილეთ ერთი ხელით დაწერილი პეტიციები, რაც გავრცელდა. მერიის, თუ არ ვცდები, 229 თანამშრომელი აწერდა ხელს. ჩვენ მუნიციპალიტეტში 32 ათასამდე თანამშრომელი გვყავს. მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ღირსებით, პროფესიონალურად, პატიოსნებით ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ემსახურება ამ ქალაქს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს“.

კახა კალაძე ამბობს, რომ საბოტაჟის მცდელობა, „პასუხგაუცემელი არ დარჩება, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში“.

კალაძის ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, პირველ დეკემბერს, დედაქალაქის მერმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რომლითაც პროევროპული პროტესტისადმი სოლიდარულ თანამშრომლებს გამოეხმაურა და თქვა: „ველოდებოდი კიდეც, რადგან რეორგანიზაცია გვაქვს გამოცხადებული და ბევრი ცვლილება იგეგმება”.

საერთო განცხადებას, 4 დეკემბრის მონაცემებით, ხელს აწერს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 229 თანამშრომელი.

რადიო თავისუფლების დაკვირვებით, პირველი დეკემბრიდან მოყოლებული, ანუ კახა კალაძის პირველი განცხადების შემდეგ, მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა საერთო განცხადებას, 20-მდე ხელმოწერა შეემატა.

თუმცა, დედაქალაქის მერის განცხადების შემდეგ, ხელმოწერა გააუქმა რამდენიმე თანამშრომელმაც:

ანონიმური წყარო რადიო თავისუფლებას ეუბნება:

„მერიის რამდენიმე სამსახურსა და სსიპ-ში ესაუბრნენ ხელმომწერებს, აუხსნეს, რომ შეცდომაში არიან შეყვანილნი და ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა. ისინი ღიად მუქარას ერიდებიან, თუმცა მუქარად შეიძლება ჩაითვალოს ის განცხადებები, რაც საჯაროდ გაკეთდა.

განცხადებაზე ხელმომწერები სამსახურში დადიან და მოვალეობას ასრულებენ. არიან ისეთი თანამშრომლებიც, რომლებსაც ახლაც აქვთ განცხადებაზე შეერთების სურვილი, მაგრამ ამ ფონზე თავს“.

დედაქალაქის მერის დაანონსებულ რეორგანიზაციაზე რადიო თავისუფლებასთან ისაუბრა გიგა სოფრომაძემ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა. ის საერთო განცხადების ერთ-ერთი პირველი ხელმომწერია. მისი თქმით, მერის ეს განცხადება ხელმომწერებმა „მუქარად და დაშინების მცდელობად“ აღიქვეს.

„ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ განცხადებაზე ხელმოწერების შეგროვება 30 ნოემბრიდან დაიწყო.

ამ განცხადებაში ვკითხულობთ:

„ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს.

ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა.

ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, იმ ევროპული ღირებულებებისა და კურსის ერთგულნი, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული და ჩვენი საქმიანობის ფარგლებში ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ხელშეწყობას“.

დედაქალაქის მერიის თანამშრომლების გარდა, საერთო განცხადებები და ხელმოწერები გაავრცელეს იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლების ნაწილმა.

ექვსი ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო, რომლის თანახმადაც, 2028 წლის ბოლომდე საქართველოს ხელისუფლება აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს.

დემონსტრანტები ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებასაც.

სრულად წაკითხვა