ე.წ. „საბოტაჟის“ საქმის სასამართლო განხილვა, რომელშიც „სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში“ ბრალდებულ რვა ოპოზიციონერ ლიდერს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება, შემოდგომამდე გადაიდო. შესაბამისად გადაიდო სასამართლო პროცესიც, რომელზე განაჩენიც აგვისტოში უნდა გამოტანილიყო.
ერთ-ერთმა ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ, 22 ივლისს მედიას განუცხადა, რომ საქმის თავმჯდომარე მოსამართლე თამარ მახარობლიძემ არ გაამხილა გადადების მიზეზი და არც სხდომების განახლების თარიღი დაასახელა.
ამავდროულად, „ინტერპრესნიუსი“ იტყობინება, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოში მოქმედი რამდენიმე ევროპული დიპლომატიური მისიის, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობის და საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მოთხოვნა, დასწრებოდნენ სასამართლო სხდომებს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საზოგადოების „მაღალი ინტერესის“ გამო. თებერვლიდან მოყოლებული, სასამართლო სხდომები მედიისა და საზოგადოებისთვის დახურულია.
საქმეში ბრალდებული რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსია: „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, „ახალის“ ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მათგან სამი – სააკაშვილი, ხოშტარია და მელია – უკვე პატიმრობაში იმყოფება ცალკე საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, დანარჩენები კი გირაოთი არიან გათავისუფლებულნი.
This post is also available in:

6 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·