საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა

1 month ago 5

საბჭოთა წითელი არმიის მიერ საქართველოს დედაქალაქის აღებისა და საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან 104 წლისთავთან დაკავშირებით 25 თებერვალს, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში ოფიციალურად მას შემდეგ აღინიშნება, რაც 2010 წელს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომლითაც მთავრობას კომუნისტური საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიების ასიათასობით მსხვერპლის მოსახსენიებლად, ყოველ 25 თებერვალს სხვადასხვა მემორიალური ღონისძიების ორგანიზება დაევალა.

საბჭოთა რუსეთი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1921 წლის 11-12 თებერვლის ღამით შემოიჭრა, მიუხედავად იმისა, რომ ის 9 თვით ადრე აღიარა. თბილისის გარშემო რამდენიმედღიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ, წითელი არმია დედაქალაქში 25 თებერვალს შემოვიდა და ამ დღეს დაიწყო საქართველოს 70 წლიანი საბჭოთა ოკუპაცია. ქართველების წინააღმდეგობა კიდევ ხუთ კვირას გაგრძელდა. მთავრობა ჯერ ქუთაისში გადავიდა, შემდეგ ბათუმში, საიდანაც 1921 წლის 17 მარტს საფრანგეთში გაიხიზნენ. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრებმა, ასევე ოპოზიციის ლიდერებმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. მემორიალი ასევე შეამკო გვირგვინით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„სამოქალაქო საქართველო“ გთავაზოვთ პოლიტიკოსების განცხადებებს ამ დღესთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი:  „25 თებერვალი არის ჩვენთვის, ყველასათვის ძალიან მძიმე დღე, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დიდი იმედის დღე. ეს არის იმის სიმბოლო, რომ ქართველები არ თმობენ არც დამოუკიდებლობას, არც თავისუფლებას, რაც არ უნდა რთული პირობები იყოს…  დღეს თუ ჩვენ ვართ თავისუფალი და დამოუკიდებელი, ჩვენ სწორედ ვართ მემკვიდრეები იმ ბრძოლისა, იმ შემართებისა, იმ ქვეყნის მიმართ ერთგულებისა, რამაც მოგვიყვანა დღემდე. საუკუნეების წინაც ასე იყო და საუკუნეების შემდეგაც ასე იქნება. ასე რომ, ბრძოლა ყოველთვის ღირს, ბრძოლა ბოლომდე არის. 25 თებერვალი არის სწორედ ამ ბრძოლის სიმბოლო და არა დაჩოქების“.

„ქართული ოცნების“ ლიდერები

ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი: „დღეს არის ერთი მხრივ ტრაგიკული დღე – ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის დღე. მეორე მხრივ, ეს დღე გვახსენებს ქართველების გმირობას, თავგანწირულ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის. ეს დღე უნდა გვახსენებდეს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ეს არის მუდმივი პროცესი, ჩვენ მუდმივად უნდა ვიბრძოდეთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და მაგალითი უნდა ავიღოთ ჩვენი გმირებისგან“.

შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე: „დღეს პატივს მივაგებთ 104 წლის წინ, 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გმირულად დაღუპულ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი მკერდით გადაეფარნენ ჩვენს დამოუკიდებლობას. ამავე დროს ეს დღე გვახსენებს, თუ რამდენად რთულ რეგიონში ვართ. გამოწვევები ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ ყოველთვის იყო. 1921 წელს, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით დამოუკიდებლობის შენარჩუნება. მაშინაც, ვხედავდით ქართველებს, რომლებიც ჩვენი დამოუკიდებლობის ხელყოფის ნაწილი იყვნენ. მაშინაც იყვნენ ქვეყნები, ჯგუფები უცხოეთიდან, რომლებიც გვპირდებოდნენ მხარდაჭერას, გვერდში დგომას, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგა, ჩვენი იუნკერების და  ჯარისკაცების დასაცავი გახდა ეს ქვეყანა და სამწუხაროდ, ამ დიდ ძალას, მაშინ ჩვენი ქვეყანა ვერ გაუმკლავდა.

ყველა ხვდება, რომ მაშინაც გვყავდნენ  „ორჯონიკიძეები“, რომლებიც 3 წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში, საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ ესკალაციას, სანქციების დაწესებას, ცის, საზღვრების ჩაკეტვას, რაც იყო პირდაპირი გზა ესკალაციისკენ, ახალი ომისკენ და პირდაპირი გზა ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხელახალი ხელყოფისკენ. ის „ორჯონიკიძეები“ ჩვენს შორის კვლავ არიან და ეს მაშინ, როდესაც  ყველაფერი უკვე ცნობილია –  ვიცით, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, რაზეც საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, რომელიც არის ყველაზე მეტად ჩართული ამ საკითხში, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური, საინფორმაციო თუ სადაზვერვო მხარდაჭერის მხრივ. დღეს უკვე ვიცით, რომ ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა და ასევე ვიცით, რომ რომ არა ჩვენი ხელისუფლების მაშინდელი სწორი პოზიცია, ჩვენთანაც ომი განმეორდებოდა და აქ მეორე უკრაინა გვექნებოდა“.

კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი: „25 თებერვალი უმძიმეს თარიღად იქცა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 104 წელი გავიდა თარიღიდან, რომელიც მუდამ შეგვახსენებს, რამხელა უბედურება მოაქვს ოკუპაციას და რამდენად მძიმეა სუვერენიტეტდაკარგული ქვეყნის ხვედრი. საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ დედაქალაქის დაკავებას წინ უძღოდა ბრძოლები სწორედ აქ, თბილისის მისადგომებთან და ამ ბრძოლებს შეწირული ქართველი ახალგაზრდების გმირული თავდადება. ჩვენი ვალია თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის წინაშე, გავუფრთხილდეთ, დავიცვათ და განვამტკიცოთ ის უდიდესი მონაპოვარი, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა ჰქვია“.

მიხეილ ყაველაშვილი, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი: „ 1921 წლის 25-მა თებერვალმა მძიმე კვალი დატოვა ქართველი ხალხისა და საქართველოს ისტორიაში. მტრის დიდი უპირატესობის მიუხედავად, ქართველმა მებრძოლებმა მაქსიმუმი გააკეთეს საკუთარი სამშობლოს დასაცავად. სწორედ ამ ადამიანების გმირულმა თავდადებამ გადაარჩინა დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს იდეა, რომელმაც მრავალწლოვან ოკუპაციას გაუძლო და საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით გამოიხატა. პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ თითოეულ მებრძოლს, რომელთა თავგანწირვა მართლაც ფასდაუდებელია. დღევანდელი დღის ტკივილი მუდამ უნდა გვახსენებდეს, რამდენად ძვირფასია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და რამხელა სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გვმართებს თითოეულ ჩვენგანს.  დიდება და მარადიული ხსოვნა სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს“!

ოპოზიცია

ბადრი ჯაფარიძე, „ძლიერი საქართველო“: „დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ იუნკრების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. მათი თავგანწირვა, მათი თავშეწირვა არის სწორედ ის, რამაც მოიყვანა დღემდე ჩვენი სახელმწიფო. თავისუფლებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რაც არ უნდა აღმატებული იყოს მტერი რიცხოვნობით“.

ირაკლი ფავლენიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ჩვენმა წინაპრებმა გმირობის მაგალითი გვაჩვენეს რუსეთის იმპერიასთან უშეღავათო ბრძოლაში და დღეს, ჩვენ ვართ ამ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე, როცა საბოლოოდ უნდა დამარცხდეს რუსეთის ბოროტების იმპერია საქართველოში, საბოლოოდ უნდა დამარცხდეს უკრაინაში, მოლდოვაში და სხვა ქვეყნებში. რუსეთის იმპერიის ხანა უნდა ჩაბარდეს წარსულს, მათ შორის საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის იმპერიის ბოლო ნარჩენები გავისტუმროთ. დავასრულოთ ის გზა, რაც ასე გმირულად განვლეს ჩვენმა წინაპრებმა“.

ანა ბუჩუკური, „გახარია საქართველოსთვის“: „სიმბოლურია, რომ 104 წელი გავიდა ქვეყანაში წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ, 1921 წლის 25 თებერვლიდან.  ნამდვილად  ტრაგედიაა რომ 104 წლის შემდეგაც ჩვენ  კვლავ ვებრძვით რეპრესიებს… ეს ქვეყანა არ იმსახურებს ამას და რომ არ იმსახურებს ამას, ამიტომ ვიბრძვით ჩვენც“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა