საგამოძიებო სამსახურში აქციებზე ძალის გადამეტებაზე 80 შეტყობინება შევიდა

1 week ago 39

აპრილ-მაისში მიმდინარე ანტირუსული აქციების მონაწილეების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა უწყებიდან და ცხელი ხაზის მეშვეობით 80 შეტყობინება შევიდა.

შეტყობინებებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 67 პირი, მათ შორის, 9 ჟურნალისტი, 30 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. სხვადასხვა ლოკაციებზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისთვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. გამოძიება სწავლობს საჯარო ინტერნეტ-სივრცეში არსებულ სატელევიზიო გადაცემების ჩანაწერებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია აქციის მონაწილეების დამკავებელი და ოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავების ვინაობის შესახებ;

მოწმეთა ბაზის შექმნის და დოკუმენტური მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან გამოთხოვილია ინფორმაცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის იმ თანამშრომელთა ვინაობის შესახებ, რომლებიც 2024 წლის აპრილისა და მაისის აქციებთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიმდინარეობს ადმინისტრაციული დაკავების ოქმებისა და შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის გამოთხოვა.

კერძო კლინიკებიდან მოთხოვნილია ინფორმაცია იმ პირთა სამედიცინო დოკუმენტაციის თაობაზე, რომელთაც ამბულატორიული/სტაციონარული სამედიცინო დახმარება გაეწია. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

მიმდინარე საქმის ფარგლებში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 1-ელ მაისს დაიწყო გამოძიება აქციაზე დაშავებული ლევან ხაბეიშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ლევან ხაბეიშვილთან დაუყოვნებლივ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია მისი გამოკითხვის მიზნით, თუმცა მან გამომძიებლის სატელეფონო ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა. აღნიშნულის შემდეგ 3 მაისს, ლევან ხაბეიშვილს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ჩაბარდათ უწყება საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის მიზნით დაბარებასთან დაკავშირებით, რაზედაც უწყებას პასუხი არ მიუღია.

„გამოძიების ეტაპზე დათვალიერდა ის ლოკაცია, სადაც ადგილი ჰქონდა სპეცრაზმელებსა და ლევან ხაბეიშვილს შორის მომხდარ ინციდენტს, იდენტიფიცირებული იქნა შემთხვევის ადგილზე განთავსებული გამოძიებისთვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა საქართველოს ეროვნული გალერეის და მის მიმდებარედ განთავსებული ობიექტების ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე. სამედიცინო კლინიკაში გაგზავნილი იქნა წერილი ლევან ხაბეიშვილის სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შემდგომში ამოღების და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ასევე მოთხოვნილი იქნა სამედიცინო კლინიკის ჩანაწერების შენახვა/დაარქივება, შემდგომში გამოთხოვის მიზნით“, — აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა წერილი ლევან ხაბეიშვილთან შემხებლობაში მყოფი სამართალდამცავთა ვინაობის თაობაზე. სხვადასხვა მედია საშუალებებიდან მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია ლევან ხაბეიშვილისა და სპეცრაზმის თანამშრომლებს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის მიზნით, მათ შორის დაუმუშავებელი ვიდეომასალის.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ.

სრულად წაკითხვა