საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

1 week ago 3

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების ხელმომწერი დიპლომატების თანამდებობიდან გათავისუფლებას ან დაქვეითებას — ამის შესახებ სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი შალვა ცისკარაშვილი სოციალურ ქსელ “X”-ში წერს.

„რეორგანიზაცია, როგორც შტაბ-ბინაში, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში, უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს ერთობლივი განცხადების ხელმომწერთა თანამდებობიდან გათავისუფლებას ან თანამდებობებიდან დაქვეითებას. მთელი პროცესი გარდაუვლად გამოიწვევს საქართველოს დიპლომატიური სამსახურის სისტემურ პოლიტიზაციას,“ – აცხადებს ცისკარაშვილი.

მისივე თქმით, იგი უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს ე.წ. მენეჯერული კონკურსში და 28-წლიანი სამსახურის შემდეგ ტოვებს დიპლომატიურ სისტემას.

„რამდენიმე კოლეგასთან ერთად გადავწყვიტე, არ მიმეღო მონაწილეობა ამ რეორგანიზაციის ფარგლებში ადრე გამოცხადებულ მენეჯერულ თანამდებობებზე ე.წ. კონკურსში. ამით, ჩემი 28-წლიანი გამოცდილება საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში დასასრულს უახლოვდება,“ – წერს ცისკარაშვილი.

ცისკარაშვილი ერთ-ერთი იყო იმ დიპლომატებს შორის, რომლებმაც 2024 წლის ნოემბერში ღიად დაუჭირეს მხარი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„ვუერთდები ჩემს კოლეგებს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს ერთგულებას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ და ვუცხადებ სოლიდარობას ყველა საჯარო მოხელეს, რომლებიც უსამართლოდ გაათავისუფლეს,“ — აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა