საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე სარჩელის განხილვა კითხვა-პასუხის ეტაპზე გადავიდა.
პირველი შეკითხვა დღეს მოსამართლე ვასილ როინიშვილმა დასვა:
„რომ დაგვიკონკრეტოთ მმართველი პარტიის და სახელმწიფოს როლის გამიჯვნა ერთმანეთისგან – სად არის მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა და სად არის, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა?“.
საპასუხოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ხშირად მოპასუხე პარტიები – პარტიას, სახელმწიფოს და საზოგადოებას შორის ერთი დიდი ტოლობის ხაზს სვამენ, რაც „დაშვების დონეზეც კი არასწორია“.
„არასდროს არ მითქვამს, რომ სახელმწიფო უდრის რომელიმე პარტიას. […] 1999 წლიდან დღევანდელ დღემდე დაახლოებით 300 სარჩელია წასული სტრასბურგის სასამართლოში, მათი 80%- დაახლოებით 227 საქმე, მიემართება 2004-2012 წლებში ჩადენილ ქმედებებს. სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არსებობს, სადაც დაფიქსირებულია სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის დარღვევები. საუბარია, რომ საკუთრების დაცვის უფლების რეალიზების უფლება არ არსებობდაო ამ ქვეყანაში, ოჩიგავასა და მაისაიას საქმეებში საუბარია ასევე, რომ სისტემური და სისტემატური იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანების წამება… ამავდროულად, ერთ-ერთ საქმეში პირდაპირ მითითებულია, რომ ხელისუფლების შტოები, მათ შორის, პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სასამართლოს განაჩენი არ აღსრულებულიყო და პასუხისმგებლობა არ დამდგარიყო. […] ერთ შემთხვევაში არავითარი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ არის, მთელ რიგ შემთხვევებში კონკრეტული ადამიანები რომლებიც ადამიანებს აწამებდნენ არიან დაჯილდოებულები, [ყოფილი] პრეზიდენტის მიერ მათ აქვთ ღირსების ორდენები მიღებული. და ის ადამიანები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან უმძიმეს დანაშაულებში, როგორიც არის მაგალითად ადამიანების წამება, ადამიანებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ამ ყველაფერზე შეუძლებელია თქვა, რომ პარტია, რომელიც ამ ქმედებებს არ ემიჯნება და სისტემას ქმნის, რომელიც არის მწამებლური სისტემა, ეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაა დადასტურებული, რა თქმა უნდა პარტიას სრულად მიემართება ეს ჩადენილი ქმედებები“, – ამბობს გორდულაძე.
რაც შეეხება ასევე „ოცნების“ წარმომადგენელს, თორნიკე ჭეიშვილს, მან თქვა, რომ როდესაც საუბარია 2004–2012 წლებზე, მაშინ იყო „ფორმალურად“ ნახევრად საპრეზიდენტო იყო, მაგრამ რეალურად სუპერსაპრეზიდენტო სისტემა, ანუ მკაცრად ცენტრალიზებული მმართველობა.
ჭეიშვილის განცხადებით, სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის, ზღვრები ყოველთვის არსებობს, თუმცა როცა ლაპარაკია 2004-12 წლებზე, მხედველობაშია მისაღები მმართველობითი მოდელი.
„ეს ის შემთხვევა არის, როდესაც ცალკე აღებული ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაყენება უკვე აღარ არის საკმარისი იმისათვის, რათა მოხდეს სათანადო შეფასების განხორციელება. არამედ აქ უკვე ჩვენ სწორედაც რომ მივდივართ 23-ე მუხლამდე და შესაბამის კრიტერიუმებამდე, რომელიც არის დადგენილი პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. და ეს არის უკვე ორგანიზაციული, ერთიანი სისტემა, რომელიც დაწყებული სახელმწიფოს მეთაურიდან გაგრძელებული შესაბამისი სხვა დავუშვათ განშტოებებით ძირითადად აქ აღმასრულებელი ხელისუფლებაზეა რა თქმა უნდა ლაპარაკი, თავისთავად არის ჩართული ამ ერთიან საქმიანობაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – თქვა ჭეიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა ხვალ, 11 ნოემბერს, 12:00 საათზე გაგრძელება. იხილეთ:
- საკონსტიტუციომ ოპოზიციის კიდევ ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა ;
- საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო. აქამდე სულ 8 სხდომა ჩატარდა.
სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].
netgazeti