01.10.202601.10.2026
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღეს, 1 ოქტომბერს ზუსტად 14 წელი გავიდა. თუმცა დღევანდელ მთავრობაში თითქმის არავინაა, ვინც მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობდა და „ქართული ოცნების“ სათავეებთან იდგა.
სად იყვნენ „ქართული ოცნების“ მოქმედი მინისტრები 2012 წლამდე, მათივე ოფიციალური ბიოგრაფიების მიხედვით:
- ირაკლი კობახიძე — 2000-იანი წლების დასაწყისში თანამშრომლობდა სხვადასხვა უცხოურ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ახლა აგენტებად ჰყავს გამოცხადებული. მათ შორის, 2000-2001 წლებში იყო USAID-ის კოორდინატორი, 2011-2012 წლებში კი — „სოროსის ფონდის“ ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი და ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმარების მიმართულებით. ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნებას“ 2015 წლიდან შეუერთდა.
- ირაკლი ჩიქოვანი — ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც 2012 წლის პოლიტიკურ ბრძოლებში მონაწილეობა. მეტიც, ის იყო ზოგიერთ რეგიონში “ოცნების” მიერ დაორგანიზებული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი. დღეს ის თავდაცვის მინისტრია. „ქართული ოცნების“ კოალიციაში იყო შექმნისთანავე, თუმცა “თავისუფალი დემოკრატების” შემადგენლობიდან. შემდეგ ირაკლი ალასანიას პარტია გამოეყო კოალიციას და ირაკლი ჩიქოვანიც „ქართული ოცნების“ კრიტიკოსი გახდა, თუმცა მოგვიანებით “ოცნების” ხელისუფლებაში დაბრუნდა.
- მაკა ბოჭორიშვილი — 1999 წლიდან 2020 წლამდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მუშაობდა საქართველოს საელჩოში ბელგიასა და ევროკავშირში. მაკა ბოჭორიშვილი ,,ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია 2020 წლიდან.
- სულხან თამაზაშვილი — მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის თანახმად, დღევანდელი მინისტრი შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობს 2008 წლიდან.
- მარიამ ქვრივიშვილი — 2010-12 წლებში „აჭარა ჯგუფის“ ხელმძღვანელის მოადგილე იყო, 2012-14 წლებში კი — ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე.
- მაია ბითაძე — სამართლის დოქტორია. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან ის ჯერ კიდევ 1998 წელს გადაიკვეთა და უფროსი სპეციალისტის იყო 2001 წლამდე; 2001-11 წლებში საქართველოს პარლამენტი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სპეციალისტი იყო. 2011 წლიდან სიდამონიძე გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოსტს იკავებდა, შემდეგ კი მოადგილედ დაწინაურდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მუშაობდა მერიაში, იყო პარლამენტის წევრი, 2026 წლიდან კი კულტურის მინისტრია.
- ლაშა ხუციშვილი — ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში მუშაობდა 2007-2008 წლებში. შემდეგ საქმიანობა განაგრძო საერთაშორისო კომპანია Ernst & Young-ში. 2013 წელს გახდა შემოსავლების სამსახურის უფროსი, 2014 წლიდან — ფინანსთა მინისტრის მოადგილე, 2021 წლიდან კი ფინანსთა მინისტრია.
- რევაზ სოხაძე — ინფრასტრუქტურის დღევანდელი მინისტრი 2001-2012 წლებში „ახალი მემარჯვენეებს“ წარმოადგენდა. თუმცა მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მისი ბიოგრაფია 2013 წლიდან და კერძო სექტორიდან იწყება.
- პაატა სალია — იუსტიციის მინისტრი 2000-იანი წლების დასაწყისიდან საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. შემდეგ გახდა ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და 2019-24 წლებში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი. 2024 წელს აირჩიეს პარლამენტის წევრად.
- დავით სონღულაშვილი — 2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. შემდეგ გადაინაცვლა კერძო სექტორში. 2016 წელს კი გახდა პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“.
- გივი მიქანაძე — 2005-2008 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. მიქანაძის თქმით, არ რცხვენია, რომ წინა ხელისუფლების რაღაც პერიოდი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო და 2007 წლის 7 ნოემბრის ძალადობრივი მოვლენების გამო თანამდებობა დატოვა. გივი მიქანაძის ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2005 წლის 25 ოქტომბრიდან 2008 წლის 20 იანვრამდე იკავებდა. შესაბამისად, 7 ნოემბრის შემდეგ 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში კიდევ მუშაობდა სამინისტროში. მას პროტესტი 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივი დარბევის გამო ღიად არ დაუფიქსირებია. ხაზგასასმელია, რომ მიქანაძის წასვლის პერიოდში საქართველოში იუსტიციის მინისტრი შეიცვალა. ეკა ტყეშელაშვილმა თანამდებობა დატოვა და მის ნაცვლად ნიკა გვარამია დაინიშნა 2008 წლის 31 იანვარს, ანუ მიქანაძის სამინისტროდან წასვლიდან 11 დღის შემდეგ. ის, რომ მიქანაძე იუსტიციის სამინისტროდან მართლაც წავიდა უცხოეთში, რასაც პაპუაშვილი ამბობს, დასტურდება ოფიციალური ბიოგრაფიითაც. მიქანაძე 2008 წლის 10 იანვრიდან 2009 წლის 31 დეკემბრამდე ესექსის უნივერსიტეტში (ევროკავშირის სამართალი, სამართლის მაგისტრი) სწავლობდა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში. თუმცა ინგლისიდან დაბრუნების შემდეგ გივი მიქანაძემ, რომელიც პაპუაშვილის სიტყვებით, წინა ხელისუფლების კურსს არ ეთანხმებოდა, მუშაობა თბილისის მერიის ქვეუწყებაში დაიწყო. მერი გიგი უგულავა იყო.
რა გამოტოვა პაპუაშვილმა მიქანაძის ბიოგრაფიიდან
- მიხეილ სარჯველაძე — წინა ხელისუფლების დროს საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი თეა წულუკიანმა აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელად წარადგინა.
- თეა ახვლედიანი — შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი პოლიტიკური განცხადებებით არასდროს გამოირჩეოდა. ის 1997 წლიდან მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ შორის მაღალ თანამდებობებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს. უწყებაში დარჩა ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც. 2019 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროში გადაინაცვლა, 2020 წლიდან კი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრია.
- შალვა გოგოლაძე — სპორტის მინისტრი წლების განმავლობაში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას, ასევე მუშაობდა საჯარო სექტორში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს. კერძოდ, 2001-05 წლებში იყო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს სპეციალისტი; 2009-11 წლებში — სპორტის სამინისტროს სსიპ „სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის“ დირექტორი. სპორტის სამინისტროს უწყებებში რჩებოდა გოგოლაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც.
netgazeti