15 სექტემბერს სადავო პარლამენტმა დავით მამისეიშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია. გადაწყვეტილებას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 12-მა მისცა ხმა. პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, მამისეიშვილის არჩევის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 2027 წლის 30 აპრილს ამოქმედდება.
48 წლის მამისეიშვილი 2021 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო; იგი მუშაობდა როგორც სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ისე საგამოძიებო კოლეგიაში (2024-2025 წწ.). 2025 წლის ნოემბრიდან იგი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმიანობს.
უფრო ადრე, 2009-დან 2013 წლამდე, მამისეიშვილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო. შემდეგ იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადავიდა, სადაც 2013-2016 წლებში მოსამართლისა და სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობებს იკავებდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მუშაობდა, 2016-დან 2021 წლამდე კი — სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამისეიშვილის კანდიდატურა პარლამენტს მაისში წარუდგინა; მასთან ერთად წარდგენილნი იყვნენ მოქმედი მოსამართლეები: თამარ ალანია, დიმიტრი გვრიტიშვილი, გიორგი გოგინაშვილი, ლიანა კაჟაშვილი და სალომე სამხარაძე.
14 სექტემბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, მამისეიშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების მიზანი საქართველოს „სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია“ იყო, რადგან მათ არ აწყობთ ქვეყანაში „თავისუფალი სასამართლო იქიდან გამომდინარე, რომ თუკი მათ ექნებათ შესაბამისი ბერკეტები მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, ეს მათთვის მისაღები იქნებოდა“.
„დღეს ქართული სასამართლო არის დამოუკიდებელი, როგორც არასდროს“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ მოსამართლეები პირადად აგებენ პასუხს საკუთარ გადაწყვეტილებებზე და „არც ერთი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება კოლექტიურ პასუხისმგებლობად იქნას გათვალისწინებული“.
This post is also available in:
civil ახალი ამბები