სადავო პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორი ახალი წევრი დაამტკიცა

1 hour ago 2

საქართველოს სადავო პარლამენტმა 23 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ორი წევრი – გია მურღულია და დავით ქართველიშვილი დაამტკიცა. ოპოზიციისთვის განკუთვნილი ერთი ადგილი ვაკანტური დარჩა, რადგან ოპოზიციის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საკმარისი რაოდენობა.

მოქმედი წევრი გია მურღულია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, მეორე ვადით აირჩიეს, ხოლო „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მისი პარტიის მიერ წარდგენის შემდეგ აირჩიეს.

71 წლის მურღულია ფილოლოგია, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს. რაც შეეხება ქართველიშვილს, იგი „ხალხის ძალას“ 2022 წლის ოქტომბერში შეუერთდა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“, მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან ვერცერთმა – თეონა გეგელიამ, ელისო გაბადაძემ და თეიმურაზ კეკელიძემ – ვერ მიიღო საჭირო 76 ხმა.

სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ფრაქციას  „საქართველოსთვის“ 1 ივლისიდან პირდაპირ ერთი კანდიდატის დასახელების შესაძლებლობა ექნება, რომელსაც პარლამენტი უყრის კენჭს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო თერთმეტი წევრისგან შედგება: სამი წარდგენილია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, სამი – ოპოზიციის მიერ, ორი – სახალხო დამცველის მიერ და სამი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ.

მედიის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ „მედიაჩეკერმა“ განაცხადა, რომ პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, 1 ივლისიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის წესი იცვლება. მეურვის კანდიდატურა ღია კონკურსით აღარ შეირჩევა, უქმდება წევრობის კანდიდატების შემრჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის პროცედურაც. პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს შესაბამისი კვოტის მქონე სუბიექტი წარუდგენს. მეურვის ერთ თანამდებობაზე პირის ასარჩევად პარლამენტს მეურვეობის მხოლოდ ერთი კანდიდატი წარედგინება. შემდეგ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს, აკმაყოფილებს თუ არა კანდიდატი კანონიერ მოთხოვნებს, სანამ კანდიდატურას კენჭისყრაზე დააყენებენ.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა